რა სახის კრუნჩხვები არსებობს? რა იწვევს კრუნჩხვებს? როგორია ამ დროს გადაუდებელი დახმარება და რომელი მედიკამენტები გამოიყენება, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ნევროლოგი, ინგა ბულია გვესაუბრება.
- რა სახის კრუნჩხვები არსებობს?
- კრუნჩხვითი სინდრომი არის ბავშვთა ასაკის ხშირი გადაუდებელი პათოლოგია. კრუნჩხვა არის ჩონჩხის კუნთების უეცარი უნებლიე შეკუმშვა, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა ხარისხით ცნობიერების დარღვევა.
გულყრა თავის ტვინის უჯრედების გარდამავალი გადაჭარბებული განტვირთვის შედეგია, რომელსაც შეიძლება ახლდეს კრუნჩხვა. კლინიკური გამოვლინების მიხედვით გულყრა შეიძლება იყოს პარციალური, რომელიც ვრცელდება გარკვეული ჯგუფის კუნთებზე და ვითარდება თავის ტვინის ერთი ჰემისფეროს გარკვეული უბნის პათოლოგიური პროცესის შედეგად, და გენერალიზებული, როდესაც პათლოგიურ პროცესში ერთვება თავის ტვინის ორივე ჰემისფერო.
არსებობს სხვადასხვა სახის გულყრები:
ტონური გულყრა - ვითარდება კუნთთა დაძაბულობა ან სპაზმი. ამ დროს ბავშვი გადაწევს თავს უკან, ჭიმავს და ძაბავს ფეხებს, შლის ხელებს, ზოგჯერ ირღვევა სუნთქვის რიტმი, რასაც თან ახლავს სიფერმკრთალე.
კლონური გულყრა - აღინიშნება კუნთების სწრაფი მონაცვლეობითი შეკუმშვა და მოდუნება. კუნთთა შეკრთომები შეიძლება ვრცელდებოდეს სახეზე, ხელებზე, ფეხებზე ან კუნთთა ჯგუფზე. ზოგჯერ კუნთების კლონური შეკუმშვა იცვლება მათი ტონური დაჭიმვით. გულყრა შეიძლება მიმდინარეობდეს თვალის სიმპტომებით, კიდურების მოხრით, თავის ჩაქინდვრით, ცნობიერების წამიერი დათრგუნვით, სუნთქვის გაჩერებით.
- რა იწვევს კრუნჩხვებს?
- გულყრების მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადება და თავის ტვინის დაზიანებები (ნეიროინფექცია, ტრავმები, სისხლჩაქცევა, ჰიდროცეფალია, თავის ტვინის დისგინეზია, სიმსივნეები), გენეტიკური დავადებები, თავის ტვინის სხვადასხვა ტოქსიური დაზიანება. გულყრები შეიძლება განვითარდეს ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევების დროს. ხშირია გულყრები სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე. ცალკე ჯგუფს შეადგენს გულყრები ეპილეფსიის დროს.
- რას გვეტყვით ფებრილურ გულყრაზე, რა არის ის, რის გამო ვითარდება და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?