9 მარტი - ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში

9 მარტი - ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში

1956 წლის 9 მარტი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღია. ამ დღეს სტალინის პიროვნების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა და დახოცა.

რა იყო 9 მარტი - ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება, თუ მხოლოდ სტალინის დაცვა? - ამაზე კომენტარი ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს ვთხოვეთ:

"1956 წლის 9 მარტის გამოსვლების მთავარი მიზეზი იდენტობა იყო. სტალინი რომ რუსი ან ყაზახი ყოფილიყო, მისი კულტის აკრძალვას საქართველოში არავითარი გამოსვლები და ვნებათაღელვა არ მოჰყვებოდა. გამოსვლები საქართველოში სწორედ სტალინის ქართველობამ გამოიწვია. ეს მოძრაობა, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიდიოდა, თავიდან-ბოლომდე იყო ეროვნული. სტალინის კულტის დაგმობით ხრუშჩოვმა დაგმო რეპრესიები და ის მეთოდები, რითაც სტალინი ხელმძღვანელობდა, თუმცა სტალინს ყველაფერი დაბრლდა, როგორც ქართველს. საკავშირო პრესაში ხაზი ესმეოდა სტალინის ქართველობას და ამით აიხსნებოდა მისი მართვის ბარბაროსული მეთოდები"...

- მიუხედავად იმისა, რომ 9 მარტს ათობით ადამიანი დაიღუპა, აქციაზე ერთი სიტყვაც არ დაწერილა საკავშირო პრესაში...

- ეს იყო საბჭოთა იდეოლოგიისა და საბჭოთა მართვის ტრადიცია. სხვა საპროტესტო გამოსვლებიც ყოფილა, თუმცა პრესა მაშინაც ჯიუტად დუმდა. მაგ: 1956 წელს, უნგრეთის ცნობილი მოვლენების დროს, რომელიც თვეები გრძელდებოდა, ერთი სიტყვაც არ დაბეჭდილა მაშინდელ საბჭოთა პრესაში, თითქოს არც კი ხდებოდა რამე. 9 მარტის მოვლენების პრესაში არ დაბეჭდვა ემსახურებოდა იმასაც, რომ ამ ფაქტს უმალავდნენ არა მხოლოდ ქართველობას, არამედ საბჭოთა კავშირის მთელ მოსახლეობას.

- ამ გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, შეიძლებოდა თუ არა სისხლისღვრის თავიდან აცილება?

- ამ დროს ცეკა-ს მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე. ის არ იყო მტკიცე ნების ადამიანი, დამყოლი იყო და არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია მოსკოვიდან მოსული ბრძანებისათვის. სხვათაშორის, მასთან სამჯერ იყო მომიტენგეების დელეგაცია მისული და ის ეხვეწოებოდა, რომ შვილებო, წადით სახლშიო, მაგრამ ამ ხვეწნის მეტი მას არაფერი გაუკეთებია. ბუნებრივია, ისიც არის დამნაშავე ამ ხოცვა-ჟლეტაში, მაგრამ ის არის მეორადი დამნაშავე, ის იყო მოსკოვიდან მიღებული დაკვეთის შემსრულებელი. ზოგადად როცა რამე ხდება ყოველთვის ჩნდება კითხვა - შეიძლებოდა თუ არა?! ალბათ შეიძლებოდა კიდეც, მაგრამ თუ რეალურად ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. შესაძლებელი იყო სდუდენტების დაშოშმინება, ხელისუფლების მხრიდან უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. როცა ხალხში სტიქიური პროტესტი იფეთქებს ამის აცილება შეუძლებელია ამას მოწმობს, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორია.

- ამ დროს ასპარეზზე გამოვიდნენ ორგანიზაციები, რომელბიც მანამდე იატაქვეშ არსებობდნენ...

- დიახ და თან არაერთი ორგანიზაცია. სწორედ 9 მარტს გამოჩნდა "გორგასლიანიც" ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ორგანიზაცია. ამავე დღეს და უფრო ადრეც რამდენიმე ორგანიზაცია იქნა გამომჟღავნებული. 1956 წლის 9 მარტამდე ინაურის სამსახურმა საკმაოდ ბევრი საიდუმლო ორგანიზაცია გამოავლინა. იყვნენ: "საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი", "საქართველოს განთავისუფლების კავშირი" და სხვ.

- იყო თუ არა აქციაზე მოწოდება - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

- დიახ იყო და თან არაერთხელ. ამას იმეორებდნენ სტალინის ძეგლთანაც, მაშინდელ ლენინის მოედანზეც, ოღონდ მაშინდელი პროტესტანტები კარგად აცნობიერებდნენ თავიანთ მდგომარეობას, ამიტომ ისინი თავის ნამდვილ გულისნადებს (დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო) ნიღბავდნენ. იგივე სტალინის სახელი ერთგვარი ფარი იყო. მაგ: ჯანსუღ ჩარკვიანმა წაიკითხა ლექსი - "ჩვენ ხომ გვიყვარს პარტია, ჩვენ ხომ გვიყვარს მოძმე რუსეთი, მათთან ერთად გვინდა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო". ამ ლექსში პარტიისა და მოძმე რუსეთის ხსენება სხვა არაფერი იყო, თუ არა ფარი.

- ქართველი ისტორიკოსების მიერ რამდენად კარგადაა 1956 წლის 9 მარტის მოვლენები შეფასებული?

- საბჭოთა ისტორიოგრაფია, ქართულიც და რუსულიც, საერთოდ არ აფასებდა ამ ფაქტს და სრულ იგნორიებას უკეთებდა. ეს მოვლენა არ ისწავლებოდა. იყო მიჩუმათებული და დაფარული თემა, მაგრამ თუ რაიმე სამეცნიერო წიგნში ან ლიტერატურაში ვინმე შეეხებოდა, წერდნენ, რომ ეს იყო ქართველი ნაციონალისტების გამოხდომა და ძალიან უარყოფითად იყო შეფასებული. დღეს უკვე ამაზე ხმამაღლა შეიძლება საუბარი. ბევრ დოკუმენტს მოეხსნა გრიფით საიდუმლო და უკვე სკოლის სახელმძღვანელოებშიც ისწავლება ეს მოვლენა.

- რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ დღეს?

- ამ დღის უშუალო მოსწრე ნოდარ ნათაძე ამბობს, რომ 500-1200 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 23 ადამიანის დაღუპვა გამოცხადდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ 23 კაცის დაღუპვა ზღაპარია, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში დიდი ციფრს არ დაასახელებდა. ბუნებრივია, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 23 ადამიანი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა, დაუზუტებელია. თვითონ ბატონი ნოდარის ცნობაც უზუსტოა, რადგან 500-დან 1200-მდე შუაში 700 ერთეულია.

- რა შეცვალა ქართველთა ცნობიერებაში 1956 წლის 9 მარტმა?

- ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ასე თუ ისე სჯეროდა კომუნისტური სოლიდარობის, დარწმუნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი იმპერია, რომელიც ისევე უსწორდება ხალხს, როგორც ადრე მეფე აკეთებდა ამას. ეს დღე იყო ქართველი ახალგაზრდობის გამოღვიძების და ქართული ცნობიერების გაღვივების დღე. ეს იყო მოვლენა, რომელმაც ეროვნული ღირებულებებისაკენ შემობრუნება განაპირობა. 9 მარტს, ვითომ სტალინის დაცვის მოტივით მოხდა გამოსვლა, მაგრამ სტალინის დაცვაში გამოხატული იყო ქართული ეროვნული მისწრაფებები და ეროვნული თავმოყვარეობა. 9 მარტს არაერთხელ გაისმა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნები. 9 მარტის მერე რამდენიმე არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია შეიქმნა. განთავისუფლების კომიტეტები და სხვ. ამის მერე შეიქმნა ზ.გამსახურდიას და მ.კოსტავას მიერ დაარსებული პატრიოტული ორგანიზაცია "გორგასლიანიც".

- 9 აპრილსა და 9 მარტს შორის, თუ შეიძლება პარალელის გავლება?

- მიზნები იყო სხვადსხვა, მაგრამ მოტივაცია ერთი და იგივე იყო, ერთნაირი იყო დამსჯელი ორგანიზაციის მოქმედებაც... უმარავი პარალელი შეგვიძლია ვნახოთ. მე ვიტყოდი, რომ ეს ორი თარიღი ტყუპისცალები არიან.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ