ინდოეთის რაჯასტანის შტატში არასრულწლოვან გოგონათა ქორწინება კანონითაა აკრძალული, მაგრამ ბევრი ოჯახი ამ ტრადიციას მაინც იცავს.
რაჯასტანელი პატარძალი შეიძლება 14 ან 15 წლის, ან თუნდაც 10 წლის იყოს. ასეთ საქორწინო რიტუალებს ძირითადად ღამის საათებში ატარებენ - პოლიციის ეშინიათ. თუმცა, ინდოელი ძალოვნები ამ "კანონდარღვევაზე" ხშირად თვალს ხუჭავენ, რადგან არ სურთ, ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენონ, ან დაამცირონ. სამართალდამცავი ორგანოების ასეთი პასიურობა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ნაადრევი ქორწინება ინდოეთში ჯერ კიდევ არსებობს.
იძულებითი ქორწინება არამხოლოდ ინდოეთში, არამედ, მსოფლიოს ბევრ რეგიონში დღემდე ფართოდაა გავრცელებული. ამ შემზარავ ტრადიციას ხშირად თავად გოგონას მშობლები იცავენ.
ინდოეთში როგორც წესი, არასრულწლოვან გოგონებს მათზე 4-5 წლის ასაკით უფროს ბიჭებს ათხოვებენ, იემენსა და ავღანეთში ქმარი შეიძლება 35 წლის მამაკაცი გახდეს, ეთიოპიაში კი ხშირია შემთხვევა, როცა მოძალადე "ოჯახის შექმნის მიზნით" არასრულწლოვან გოგონას იტაცებს და მასზე ძალადობს.
არასრულწლოვანი გოგონას ქორწინება ხშირად ვაჭრობის ან გარიგების საგანიც ხდება. მაგალითად, თუ ვალი გაქვთ, შეგიძლიათ მევალეს ფულის ნაცვლად შვილი შესთავაზოთ. მსგავსი გარიგებები მეტწილად საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ გასაჯაროების შემთხვევაში დიდ რეზონანსს იწვევს.