რა სახის ტრანსპორტს არ ნახავ დღეს თბილისში, მეტროთი დაწყებული - ორსართულიანი ავტობუსით დამთავრებული. კონკა, ტრამვაი ისტორიას ჩაჰბარდა. "თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი", - წერდა გალაკტიონი. გავიხსენოთ, როდის გამოჩნდა თბილისის ქუჩებში კონკა, ტრამვაი და ავტომობილი.
თავიდანვე დავძენ, რომ ინფორმაციის მოძიება-გამდიდრებაში ბატონი თენგიზ ვაჩნაძე დამეხმარა, რომელიც 1966 წლიდან მუშაობს ტურიზმის სფეროში და კარგად იცის თბილისური ტრანსპორტის ისტორია.
ძველი წყაროებიდან ვიცით, რომ თბილისი რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი იყო, რომელზეც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო გზა გადიოდა. აქ ხშირად შეხვდებოდით "უდაბნოს ხომალდს" - მრავალრიცხოვანი აქლემების ქარავანს. როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ გადიოდნენ ცხენით, ვირით, ჯორით, აქლემით. როგორი იყო თბილისის სატრანსპორტო სურათი იმ დროს, ამის თაობაზე ცნობებს სხვადასხვა წყაროში ვხვდებით.
XIX საუკუნის დამლევისთვის ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა, თავის საზღვრებს აფართოებდა, აქ საქმიანი ცხოვრება ჩქეფდა. ფრანგი კონსული შარლ გამბა წერდა: "თბილისში ჩამოდიოდნენ ნეგოციანტები პარიზიდან, კურიერები პეტერბურგიდან, ვაჭრები კონსტანტინოპოლიდან, ინგლისელები კალკუტიდან და მადრასიდან, სომხები სმირნიდან და უზბეკები ბუხარიდან. ასე რომ, ეს ქალაქი შეიძლება ჩაითვალოს მთავარ საკვანძო პუნქტად ევროპასა და აზიას შორის". თბილისი თანდათან კავკასიის მსხვილ ადმინისტრაციულ, სავაჭრო და სამრეწველო ცენტრად ყალიბდებოდა. განვითარების კაპიტალისტურ გზაზე შემდგარი მრეწველობა მასობრივ გადაზიდვებს მოითხოვდა. ამ დროისთვის, ზემოთ ნახსენებ სატრანსპორტო საშუალებებს მსუბუქი ოთხთვალა, ეტლი, "ლინეიკა", ორცხენიანი ფაეტონი დაემატა, მაგრამ არც ერთ ამ სახეობას აღარ შეეძლო დაეკმაყოფილებინა მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილება, მით უმეტეს, რომ სიძვირის გამო ხელმიუწვდომელი იყო. მაინც, რა ღირდა იმ დროს ტრანსპორტით გადაადგილება? მაგალითად, ფაეტონით მგზავრობა 60 კაპიკი ჯდებოდა, ე.წ. დროშკით" - 40 კაპიკი და ა.შ.
ტრანსპორტის პრობლემა ბევრ ქალაქს აწუხებდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპისა და რუსეთის დიდ ქალაქებში გავრცელდა ომნიბუსი (ლათინურად ნიშნავს - "ყველასთვის"), მაგრამ უგზოობამ თბილისში ომნიბუსის განვითარებას გასაქანი არ მისცა. უკეთესი გამოსავალი იყო კონკა, რომელიც 30-იანი წლებიდან ნიუ-იორკში დამკვიდრდა. "ამერიკულ" კონკას სერიოზული ნაკლი ჰქონდა - მისი ზედაპირიდან 15 სმ-ით ამოშვერილი რელსები, რომელიც ძალიან უშლიდა ხელს სხვა სახეობის ტრანსპორტს. ეს პრობლემა ფრანგმა ინჟინერმა ალფონს ლუბამ 1852 წელს გადაჭრა, რომელმაც ე.წ. ჟოლობიანი რელსი გამოიგონა და ამის წყალობით, ის მიწაში ჩაფლა. 1854 წელს კონკამ პარიზი დაიპყრო; 1860 წელს პეტერბურგის ქუჩებში გამოჩნდა. რაც შეეხება თბილისს: 1883 წლის აპრილში გაზეთი "დროება" წერდა: "გუშინ ტფილისის საქალაქო მმართველობის დეპუტატთა საგანგებო კომისიამ დაათვალიერა ცხენის რკინიგზა, კუკიის ხიდიდან ვაგზლამდე ცხენის რკინიგზა სრულიად მზად არის. გაიხსნება რამდენიმე დღის შემდეგ. ვაგონები, რომლებიც პირველი რიცხვიდან ივლიან, იტევენ ოც კაცს". გაზეთი იტყობინებოდა, რომ პირველ ხანებში მოძრაობას მოემსახურებოდა 30 ვაგონი და 120 ცხენი, ხოლო მუშტაიდის ზემოთ სახელოსნოებისა და საჯინიბოებისთვის დიდი შენობა გამოიყო. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის ქუჩებში დაგებულ რელსებზე მოძრაობა დაიწყო კონკამ.
კონკით მგზავრობა 3-5 კაპიკი ღირდა და ჯიბეგაფხეკილი ქართველებისთვის გადასაადგილებლად ძალზე ხელსაყრელი იყო. რაც მთავარია, ამ ფაქტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენი ქალაქი არც ისე ჩამორჩენია ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. თუმცა, ეს ისეთ გარემოებათა წყალობით მოხდა, რაც თბილისის საქალაქო მმართველობას შემდგომში სანანებელიც კი გაუხდა. საქმე ის გახლავთ, რომ 1881 წელს ქალაქის მმართველობამ კერძო პირებთან ზოგიერთი სავაჭრო გარიგების შემდეგ, კონკის ორგანიზაციის თაობაზე კონტრაქტი ბელგიელ მეწარმეებთან დადო. ხელშეკრულების თანახმად, ბელგიის ანონიმურ საზოგადოებას მინიჭებული ჰქონდა მონოპოლიური უფლება თბილისში კონკის შემოსაღებად. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეწარმემ - ყორღანოვმა შეძლო მიეღო კონცესია კონკის მოძრაობის მოსაწყობად ავჭალის ხაზზე, მაგრამ მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონნი ბელგიელები რჩებოდნენ.
რაც შეეხება კონსტრუქციას: ბელგიელმა კონცესიონერებმა თბილისში უბრალო კონსტრუქციის ვაგონები შემოიტანეს, რომლებიც ღია ტიპის იყო და სულ 20 მგზავრს იტევდა. სურდათ, კონკა მაქსიმალური მოგების წყაროდ ექციათ...
XIX საუკუნის დამლევისთვის კონკა აღარ აკმაყოფილებდა 160 000-კაციანი მოსახლეობის მქონე ქალაქს და მას შემდეგ, რაც 1892 წელს რუსეთში პირველად გაუშვეს ტრამვაი, თბილისშიც აქტიურად ალაპარაკდნენ ახალი ტრანსპორტის შემოღების საჭიროებაზე. ბელგიელების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, დრომ თავისი გაიტანა და ცხენიანი კონკა ტრამვაით შეიცვალა. განაგრძეთ კითხვა