თანამდებობაზე ადამიანები იცვლებიან, მადა უღვივდებათ, სადაც არ გეკუთვნის ყოფნა, იქ არ უნდა იყო, - ასე პასუხობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრალდებებს, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი კილაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2", "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" სპიკერების წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებენ.
ალასანიას თქმით, ე.წ. შეწყალების საქმე ეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, რის გამოც ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
"ბესელიას ვერაფერს ვუპასუხებ, უბრალოდ ვიტყვი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბრალდებები ან გაქარწყლდეს, ან პროკურატურამ, ან საგამოძიებო კომიტეტმა შეისწავლოს. აქ საუბარია ვიცე-სპიკერზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე. ამ საქმეში მტყუან-მართალს ვერავის დავარქმევ, რადგან ეს გამოძიების საქმეა. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ალეკო ელისაშვილს განცხადების გაკეთების საფუძველი ჰქონდა.
"ბატონ ელისაშვილს პირადად ვიცნობ, მე მას ორი თუ სამი კვირის წინ შევხვდი და მიამბო სრული ისტორია, თუ როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა. მჯერა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და საბაბი ჰქონდა იმ განცხადების, რაც გააკეთა. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გახდეს ცნობილი, თუ რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ აქ ზიანი ადგება შეწყალების ინსტიტუტს. მე ქალბატონი ბესელიას ან კობახიძის მიმართ არანაირი განწყობა არ მაქვს. ძალიან პოზიტიური განწყობა მქონდა, როცა ოპოზიციაში ვიყავით ერთად, მაგრამ ადამიანები იცვლებიან თანამდებობაზე, უღვივდებათ მადა, უნდათ მეტი ძალაუფლებაც. ბანალური ისტორიაა იმისი, რომ სადაც არ გეკუთვნის ყოფნა, იქ არ უნდა იყო", - განმარტა ირაკლი ალასაბიამ.
ეკა ბესელიას თქმით, ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი კილაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2", "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" სპიკერების წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებენ.