"ვეცდები ყველა ფანჯარას მივწვდე, საგულდაგულოდ გადაგირაზოთ, ეგ თოკები წყლის გველებად გადაგიქციოთ. უნდა იცოცხლოთ!"

"ვეცდები ყველა ფანჯარას მივწვდე, საგულდაგულოდ გადაგირაზოთ, ეგ თოკები წყლის გველებად გადაგიქციოთ. უნდა იცოცხლოთ!"

"როგორი დროა,

დაბრუნდებიან რომელიმე კაფედან, ან უბრალოდ ეზოდან ამოვლენ,

საუკეთესო მეგობარს რამე დეპრესიულ მესიჯს მისწერენ,

დალევენ დედის შემოტანილ ჩაის, ჩაკეცავენ ფეისბუქ გვერდს,

შემოიცვამენ საყვარელ ჟაკეტს, გეგონება,

დაბინდებულზე გარეთ გადიოდნენ შოკოლადის საყიდლად

და ეშვებიან ფანჯრებიდან 13-14 წლის გოგოები,

თითქოს, ზაფხულის მდინარე მიდიოდეს ქვემოთ,

თბილი, რომ შეცურავ და მუცელზე თევზის შეხებას იგრძნობ.

როგორი დროა,

გამონასკვავენ სქელ თოკებს, ისე,

თითქოს, ძუას ამაგრებდნენ მშვილდისრის ტარზე,

თითქოს, ხბოს უნდა გამოაბან ყელზე და შებინდებულზე ორღობეში ჩამოატარონ,

ან მაღლა ტყეში ფიჩხები შეკრან და სახლისკენ ჩამოაცურონ

და უყრიან თავებს ამ თოკებში პატარა ბიჭები,

ჯერ სახეზე მუწუკებიც რომ არ აყრიათ.

როგორი დროა,

ბავშვები იქცნენ სტატისტიკურ მონაცემებად -

დღეში თითო და ზოგჯერ მეტი.

და ყველაზე ბევრი რასაც ვაკეთებთ -

დროდადრო ვკამათობთ მეგობრებთან,

იმათ სჯერათ - ყოველთვის შეიძლება მიზეზის პოვნა,

რომ ერთ საღამოს კინოში წასვლის ნაცვლად,

გამოცდებისთვის მეცადინეობის ნაცვლად,

ადგე და თვალებიდან გამოეცალო ყველას, ვისაც უყვარხარ.

და მე ვბრაზდები, ისე, როგორც მაშინ, როცა ვიყავი 8 წლის

და მამაჩემის ნაცვლად მხარზე ხელს ვადებდი დედას,

ვარწევდი ჩემს პატარა ძმას და ეზოდან ისმოდა ბავშვების სიცილი.

სადამდეც ჩემი ხმა გაწვდება, უნდა ვუთხრა მათ:

წინ დიდი მწვანე მინდორია და იქ ნამდვილად გელოდებიან.

იქ არიან თქვენი მომავალი მეგობრები,

რომლებსაც უნივერსიტეტის მწვანე ბაღში გაიცნობთ,

იქ არიან ადამიანები,

რომლებიც როცა რამეს კარგად გააკეთებთ, ტაშს დაგიკრავენ,

იქ არიან თქვენი ბიჭები, ან გოგოები, როგორც გადაწყვეტთ,

და იქ არის მწვერვალზე ასვლა, შებინდებისას ზღვაში ცურვა,

სევდიან დროს მეგობრები მყუდრო კაფეში და

სიყვარული - ზამთრობით რომ ხელებს სუნთქვით გაგითბობთ.

მე მხოლოდ ადამიანური სიხარულები ვიცი,

იქაურზე ვერაფერს გეტყვით.

იმ აგვისტოს ცხელ დილას, როცა მივდიოდი მაყვლის საკრეფად,

ვერაფერს ვიზამდი, რომ მამაჩემის იარაღი მექცია წყლის თოფად,

მაგრამ ახლა ვეცდები ყველა ფანჯარას მივწვდე,

საგულდაგულოდ გადაგირაზოთ

და ეგ თოკები წყლის გველებად გადაგიქციოთ.

უნდა იცოცხლოთ".

(c) ანიკა მექანიკური

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს