საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი, 29 წლის გიორგი ბუკია რამდენიმე წელია, პოლიციის რიგებში მსახურობს. ურთულესი დღის რეჟიმისა და დაუღალავი შრომის მიუხედავად, პროფესიული არჩევანით კმაყოფილია, მოსწონს თავისი საქმე და უხარია, როცა მისი შრომა ფასდება. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გიორგი ბუკიას მამაცობისთვის ორდენი გადასცა. თბილისობის დღესასწაულზე 25 წლის ბიჭის გადასარჩენად გიორგი მტკვარში გადახტა და ახალგაზრდა სიკვდილისგან იხსნა. ამ და სხვა ამბების გახსენება პატრულ-ინსპექტორს ვთხოვე. - უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი. ჯობდა, იმ ადამიანს დაჰკავშირებოდით და ის განცდები გაეხსენებინა, რაც მაშინ იგრძნო, - მითხრა პოლიციელმა. მას ავუხსენი, რომ პირველად სწორედ გადარჩენილთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ შევძელი.
- 18 ოქტომბერი იყო, თბილისობის დღესასწაული. იმ დღეს ქალაქის სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა ღონისძიება და გზებზე შეზღუდვები იყო. განსაკუთრებით გადატვირთული იყო რიყის მიმდებარე ტერიტორია. ყველას მანქანით უნდოდა იქამდე მისვლა, საცობები შეიქმნა ქალაქში. სანაპიროს ცალი მხარე გადაკეტილი იყო, პოლიციელები ვაკონტროლებდით მოძრაობის წესებს. მართალია, გლდანის ტერიტორიაზე ვპატრულირებ, მაგრამ ხელმძღვანელობის დავალებით, მე და ჩემი მეწყვილე კოლეგებს ვეხმარებოდით. საღამოს 9-ის ნახევარი იყო, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმართზე ვმოძრაობდით. ძალიან ნელა მივდიოდით, რადგან ქუჩები გადაჭედილი იყო. ამ დროს უცხო ადამიანმა მოირბინა შეშფოთებული სახით ჩვენს მანქანასთან, ყვიროდა, - ჩქარა, ახლა ჩემ თვალწინ ბიჭი მტკვარში გადახტა და იხრჩობაო. მაშინვე გავიქეცით მეტეხის ხიდისკენ. წვიმდა, გადავიხედეთ და რას ვხედავთ? - ადამიანი იხრჩობა, ამოყოფს თავს და ისევ იძირება... აშკარა იყო, ცურვა არ იცოდა. ჩემმა მეწყვილემ მაშინვე 112-ში დარეკა და სამაშველო სამსახურის მოსვლა ითხოვა, მაგრამ მივხვდი, ყოველი წამი გადამწყვეტი იყო, შეიძლებოდა, მაშველებს ვერც მოესწროთ მოსვლა. როგორც კი გავიაზრე, რომ შეიძლებოდა, ჩემ თვალწინ დამხრჩვალიყო ადამიანი, არც დავფიქრებულვარ, იარაღი მეწყვილეს მივეცი და მტკვარში გადავხტი. სიმართლე გითხრათ, ცურვა ბავშვობაში მაქვს ნასწავლი და კარგად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობდი, რაც ვიცოდი, იმითაც შევძლებდი მის გადარჩენას. გადახტომის შემდეგ გავიფიქრე, - ფრთხილად უნდა ვიყო, ასეთ დროს შეიძლება ისე ჩამეჭიდოს ადამიანი, რომ დახმარების ნაცვლად, მეც დამახრჩოს წყალში-მეთქი. საბედნიეროდ, დამემორჩილა და ნელ-ნელა შევძელი მისი გამოყვანა ნაპირისკენ. ამასობაში, ჩვენი მეორე ეკიპაჟიც მოვიდა, სხვებიც მოცვივდნენ და სამშვიდობოს გამოყვანილი ახალგაზრდა ბიჭებმა წყლიდან ამომაყვანინეს. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ძალაც გამომეცალა. `სასწრაფოც~ მოვიდა. ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი, ძალიან მთვრალი იყო. `სასწრაფოს~ ბრიგადამ დახმარება აღმოუჩინა. წვიმდა საშინლად, სიცივისგან მეც ვკანკალებდი, მაგრამ რომ დავინახე, ადამიანი გონზე მოვიდა, ამოვისუნთქე. მივხვდი, ადამიანი სიკვდილისგან ვიხსენი. ეს საოცარი გრძნობა იყო, სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია.
- თვითმკვლელობის მცდელობა იყო? რა გიამბოთ მან?
- თავის მოკვლა სურდა. დავინტერესდი მიზეზით. მითხრა, - ოთახში დედასთან ერთად ვიწექი, მეძინა. რომ გავიღვიძე, საშინელება ვნახე: დედაჩემი მკვდარი იყო. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, ცხოვრება აღარ მინდოდა და ამიტომ გადავხტი მტკვარშიო. საავადმყოფოში გადაიყვანეს. როცა ვიკითხე მისი მდგომარეობა, მითხრეს, რომ გართულება არ ჰქონია, გადარჩა და სახლში გაეწერაო. მას მერე არსად შევხვედრივარ. იმედი მაქვს, გაუმკლავდებოდა დეპრესიულ მდგომარეობას. მაშინ ხელმძღვანელობამ მადლობა გამომიცხადა, ახლა მინისტრმა მამაცობისთვის მედალი გადმომცა და ეს ჯილდო მართლა მესიამოვნა.
- მსგავს სიტუაციაში სხვა დროსაც აღმოჩენილხართ?
- ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ხიდის მოაჯირზე იდგა ადამიანი და მტკვარში გადახტომას ცდილობდა. მას ბევრი ველაპარაკეთ და შევძელით გადმოყვანა, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე. ასეთ დროს ესაუბრები და გეშინია, უცებ არ გადახტეს და შენ თვალწინ უბედურება არ დატრიალდეს.
- საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პირველები მიდიხართ ხოლმე გამოძახებაზე. რა სახის დანაშაულები ჭარბობს?
- შემთხვევის ადგილზე მისულებს ხშირად გვხვდება აგრესიული ხალხი და სათანადოდ ვრეაგირებთ. გვიწევს მათი დაკავება. 112-ში ბევრი ზარი შედის. სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობის ფაქტი, ვფიქრობ, ყველაზე ხშირია გლდანში.
- ასეთ დროს დამცავი ორდერის გამოწერა გიწევთ?
- ძალიან ხშირად გავცემთ დამცავ ორდერს, რომელსაც მოსამართლე აკანონებს. ფაქტია, ძალადობენ ქმრები ცოლებზე, ცოლები - ქმრებზე, მშობლები - შვილებზე, შვილები - მოხუც მშობლებზე და ა.შ.
- მოძალადესთან გამკლავება რთულია. ხომ არ აღმოჩენილხართ ხიფათში და რამდენად მომზადებულები მიდიხართ ასეთი შემთხვევების ადგილზე?