ერთი პოლიციელის მკვლელობისა და ერთი სამართალდამცავის დაჭრის ბრალდებით დაკავებული პირი 19 წლისაა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, პირმა, რომელიც თელავის პოლიციის ეზოში დააკავეს, ჯერ ქალს, შემდეგ კი მამაკაცს ესროლა. დაჭრილი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალი და მოკლული მამაკაცი - გელა ლამაზოშვილი თელავის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან. მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კი, შსს-ს ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.