მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ოჯახური ძალადობის აღკვეთის თემაზე და სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებენ ქალებს, უარი თქვან უსიტყვო მონობაზე და მოძალადე ქმრებს დაშორდნენ, ქალთა ერთი ნაწილი ოჯახურ კოშმარზე შეგნებულად არ ამბობს უარს. ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრა პედაგოგი ქეთი ნიშნიანიძე:
- ძალიან მაღელვებს ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახური მდგომარეობა. დედამისი მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, როგორც ირკვევა, არ ცდილობს მოძალადე ქმრისგან თავდაცვას. გოგონა კი სულ დაძაბულია, იოლად იწყებს ტირილს. განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ბიჭებთან. შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს, თავს დაესხას მათ. ერთხელ ვთხოვე, მშობლებისთვის გადაეცა, რომ მათი ნახვა მინდოდა... მამა მოვიდა, ძალიან სიმპათიური, მაგრამ გოროზი კაცი. როდესაც ბავშვის მდგომარეობაზე ველაპარაკებოდი, უსიტყვოდ აქნევდა თავს. გოგონა შეშინებული უყურებდა მამას. კაცს ვურჩიე, ბავშვი ექიმთან მიეყვანათ, მეტი დრო გაეტარებინათ შვილთან, გაეგოთ, რა აწუხებს. უხეშად მითხრა, ლოლიავის დრო არ მაქვსო, ბავშვს ხელი ჩაავლო და წავიდა. შევცბი. დავეჭვდი, რომ ბავშვის ასეთ მდგომარეობაში მამა უნდა ყოფილიყო დამნაშავე. მეორე დღეს გოგონას ოჯახში დავრეკე. დედამ მიპასუხა. ვუთხარი, თქვენთან მინდა მოსვლა იმის გასაგებად, გოგონა რა გარემოში ცხოვრობს, იქნებ სკოლაში ურთიერთობის დარეგულირებაში დავეხმარო-მეთქი. ქალი ჯერ გაჩუმდა, მერე დაბნეულმა მითხრა, მე თვითონ დაგირეკავთო და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით მართლაც დამირეკა, მომიბოდიშა, ქმარი იყო შინ და ვერ დაგელაპარაკეთო. სახტად დავრჩი და კიდევ უფრო გამიღრმავდა ეჭვი, რომ ბავშვის პრობლემები ოჯახიდან მოდიოდა. მოკლედ, მე და დედამისი ერთმანეთს სკოლაში შევხვდით, რადგან მათ ოჯახში მისვლაზე უარი მითხრა.