"პატრულიც ხშირად ტრიალებდა მანდ, ჩვენ თუ ვხედავდით ამ გაუთავებელ გარჩევებს, ისინი რატომ ვერ ხედავდნენ?!" თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი 21 წელის გოგა კვარაცხელია 26 დეკმბერს, დილით გარდაიცვალა. მას უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გვიან ღამით ესროლეს. ადგილობრივების თქმით, დაჭრილი მშობლებმა საკუთარი მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...
შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სადაც დანაშაული მოხდა, იმ უბნის ერთ-ერთ მცხოვრებს ვესაუბრეთ, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ:
- გოგა, სახლში მიდიოდა, რა დროსაც სადარბაზოს შესასვლელთან უცნობმა პირებმა ესროლეს, მკვლელმა ავტომატის მთელი ჯერი დაიცალა. როგორც ითქვა, თავში ჰქონდა გამავალი ჭრილობა და უმძიმესი სიტუაციის გამო, ექიმები ოპერაციის დაწყებას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ... ეს არ იყო 4 ან 5 ტყვია, მთლიანი ჯერი დააცალეს. არ ვიცი, მშობლებს ვინ შეატყობინა და როგორ გაიგეს, მაგრამ უგონო მდგომარეობაში მყოფი, დასისხლიანებული შვილი, თავად ჩააწვინეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს...
- რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი?
- ალბათ რამე ბანალური მიზეზის გამო მორიგი დაპირისპირება... საერთოდ, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, დანების ტრიალი და დაჭრა, აქ პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენს უბანში არის აფთიაქი, ე.წ. რაზბორკის ადგილი, სადაც მუდმივად იკრიბებიან ბიჭები და საქმეებს არჩევენ. რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არამეგობრული უბანია, ახალგაზრდები ქუჩური გარჩევით ცდილობენ თავის დამკვიდრებას, აქ ჩხუბი და აყალმაყალი მუდმივადაა.