გორელმა ახალგაზრდებმა მოძრაობა "დროადან" ქალაქში არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელეს: დადგეს "სოციალური მაცივარი", რომელშიც მსურველებს პროდუქტების განთავსება შეუძლიათ. პროდუქტებს კი ის ადამიანები აიღებენ, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება.
პროექტის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური: "მაცივართან ვიდექი, პირობებს ვკითხულობდი. შავებში ჩაცმული ქალი მომიახლოვდა. შვილო, რას არიგებენო, მეკითხება. შევხედე, გავუღიმე, სახეზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ცხვირზე ლაქა. გაცრეცილი ჯემპრი ეცვა. აბუზული იყო და აკანკალებდა. თმა შეთეთრებული. ...აი დეიდა, ახალგაზრდებმა მაცივარი დადგეს, პროდუქტები დააწყვეს და ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, შეუძლია აიღოს მეთქი. მაცივრისკენ სწრაფად შეტრიალდა. დაბლა თაროზე ხაჭაპური და ღვეზელები იდო. ისევ მომიტრიალდა და მეკითხება - შეიძლება ხაჭაპური ავიღოო? თვალებში ეწერა: დანაშაულს ხომ არ ჩავიდენ, ხომ არ დამსჯითო? ისევ გავუღიმე - კი, კი, თქვენთვის არის ეს მაცივარი, მოდით და აიღეთ ხოლმე-მეთქი.
მაცივრის კარი სწრაფად გააღო, ხაჭაპური გამოიღო, წელში ჯერ გასწორებული არ იყო, გამომხედა, ახლა მან გამიღიმა. მადლობაო და იქაურობას სწრაფად გაეცალა. ზურგზე მოვასწარი თვალის შევლება, დავინახე რომ მარჯვენა ხელი სახისკენ წაიღო და აიფარა...
დღეს ჩემს ქალაქში კარგმა ახალგაზრდებმა, ახალგაზრდული მოძრაობა "დროადან" სოციალური მაცივარი დადგეს. იმედი მაქვს, მაცივარში პროდუქტი არ გამოილევა და შემავსებელთა რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ამ პროდუქტების მომხმარებლის. ახალი წელი მოდის და იქნებ გავავსოთ ეს მაცივარი, ჩემო გორელებო. ყველას გილოცავთ, ხვავი და ბარაქა არ მოგაკლოთ ღმერთმა, მაგრამ ვისაც ეს აკლია, მივეხმაროთ. მაცივარი თი ბი სი ბანკის გვერდით დგას" - წერს აფციაური .