25 დეკემბერი სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა - წმინდანის სასწაულები

25 დეკემბერი სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა - წმინდანის სასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს

აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსებობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.

ტროპარი

პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღდელოო; დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა!

კონდაკი

სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოითა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.

სასწაულები

იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი. სავანის ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი. მისი ისტორია ამგვარია: XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული. მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა. მინაში გაიარა და უჩინო შეიქმნა. მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა. მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად იხურავდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების მერე ათი წელი იცოცხლა.

***

ამბობენ, საბერძნეთში დაახლოებით 300-350 ათასამდე ქართველი ცხოვრობსო. ელადის წმინდა მიწამ შეიფარა შიმშილსა და გაჭირვებას გაქცეული ივერიელები. ემიგრანტ ქართველებს დიდად უყვართ წმ. სპირიდონი, რადგან მას ხედავენ შემწედ, სულიერ მამად და ნუგეშინისმცემელად უცხო მხარეში. სანუგეშოდ გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმინდა სპირიდონის სასწაულები. შიმშილისაგან დაიხსნა. ერთხელ კვიპროსში საშინელი გვალვა დაიჭირა. ბევრი გლეხი გაღატაკდა. ფული მათ არ ჰქონდათ და ზოგიერთი მდიდარი ვაჭარი ისეთი უწყალო გამოდგა, რომ მათ ხორბალიც არ ასესხა. ერთმა ვაჭრისაგან გულნატკენმა კაცმა მღვდელმთავარს საწუხარი შესჩივლა. ნუ იდარდებ, შვილო, მალე ის ვაჭარი თვითონ გთხოვს ხორბალსო. წმინდანის წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. იმავე ღამეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, წყალმა დააქცია ბეღელი და მთელი ხორბალი წაიღო. ტრიმიფუტელმა გლახაკებმა აკრიფეს ხორბალი. გუშინდელი მდიდარი კი დღეს ძალზე დაზარალდა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოვიდა. მას ბევრი ბეღელი ჰქონდა ხორბლით სავსე. ერთმა გლეხმა ხორბალი სთხოვა, მან კი: გირაოდ რამე მომეციო. საბრალოს არაფერი ჰქონდა და თავისი გასაჭირი მღვდელმთავარ სპირიდონს მოუყვა: წმინდანმა მეორე დღეს დაიბარა გლეხი, სკივრში ჩადებული ოქროს გველი მისცა - მდიდარ მეგობარს ვალად გამოვართვიო. გლეხმა გველი ვაჭარს მიუტანა. დათესა მისი მოცემული ხორბალი და დიდი მოსავალი მიიღო. ვალი მდიდარს მიუტანა და გირაო მოსთხოვა. მაგრამ მან პირი უშალა - შენგან არაფერი მიმიღიაო. შეწუხებული გლეხი ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა. მან: - ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნასო. ამ დროს ვაჭარმა "თავისი" საგანძურის ყურებით დატკბობა მოისურვა. გახსნა სკივრი და შიგ ცოცხალი გველი დახვდა, სახურავის დახურვა ძლივს მოასწრო, კინაღამ გველი ეძგერა. მეორე დღეს ვაჭრის მონა მოვიდა გლეხთან - ჩემი ბატონი გეძახისო. ვაჭარი "მეგობრულად" შეხვდა: - დამავიწყდა შენი მოცემული გირაო, ფული გადამიხადე და შენი ნივთი წაიღეო. სკივრის გასაღები მიაწოდა და "ალერსიანად" უთხრა: "აბა, ნახე, ნივთი თუ არის თავის ადგილზეო". გლეხმა გახსნა და შიგ ოქროს გველი გამობრწყინდა. ვაჭარმა დააფიცა, მითხარი ეს რა საგანძურიაო. გლეხმა უთხრა: "მეუფე სპირიდონს ვთხოვე დახმარება. ფული არ ჰქონდა და ეს ძვირფასი ნივთი მათხოვაო". გლეხი მივიდა წმიდა სპირიდონთან. მღვდელმთავარმა უთხრა: "ახლა წავიდეთ და ბატონს გადავუხადოთ მადლობა, ვისგანაც ვითხოვეთ ეს ნივთიო". შევიდნენ ბაღში, მივიდნენ ერთ-ერთ ხვრელთან და წმინდა სპირიდონმა წარმოთქვა: "უფალო ჩემო, იესო ქრისტე, შენი წმინდა ნებით ყოველივე შეიქმნება და ხორცს შეისხამს! ოდესღაც ფარაონის წინ ეგვიპტეში შენ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ხოლო ჩემს ბაღში კი ოქროს ნივთად. ახლა კი დაუბრუნე თავდაპირველი სახე შენს ქმნილებას, რათა დაინახოს ჩემმა მეგობარმა და მოუყვეს ამ საოცარ, შენი ყოვლისშემძლე მარჯვენით მოხდენილ სასწაულზე და დარწმუნდეს, რარიგ ზრუნავ ადამიანებზე". ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა, ოქროს გველი გაცოცხლდა და თავის ხვრელში შეცურდა. ქალიშვილი. წმინდა სპირიდონი ნიკეის კრებაზე იმყოფებოდა. ერთმა დიდებულმა ქალბატონმა მის ქალიშვილს ირინეს შესანახად საგანძური გადასცა. შინ დაბრუნებულ წმინდა სპირიდონს ქალიშვილი გარდაცვლილი და დაკრძალული დახვდა. მალე მასთან ის ქალბატონიც მოვიდა და ატირებულმა ოქროს დაბრუნება სთხოვა. წმინდა სპირიდონმა ეძება, მაგრამ განძი ვერ იპოვა. სამართლიანობა მოითხოვდა, მწყემსმთავარს განძი ეპოვნა. რა ექნა? შეეწყალა ატირებული ქალი. შევიდა საგვარეულო სამარხში და ღვთის დიდი რწმენით აღსავსემ თავის ქალიშვილს, როგორც ცოცხალს, ჰკითხა: - შვილო ჩემო ირინე! ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, მითხარი, სად შეინახე იმ დედაკაცის საგანძური? ღვთის ნებით, ირინემ, თითქოს ღრმა ძილისგან გამოიღვიაო, მეუფეს უთხრა, - ბატონო ჩემო, შინ შევინახეო და მიუთითა, სად დამალა საგანძური. ყველას შიშით თავზარი დაეცა, მღვდელმთვარმა ალერსიანად უთხრა თავის ქალიშვილს: - ახლა კი, შვილო ჩემო, განისვენე, ვიდრე მეორედ მოსლვისას არ აღგადგენს ქრისტეო. დიდებული იერარქი შინ დაბრუნდა, მაშინვე იპოვა საგანძური და პატრონს გადასცა. ყველამ ერთად ადიდა ღმერთი. ყრმა. ერთხელ, ანტიოქიაში მყოფ წმინდა სპირიდონთან ატირებული წარმართი ქალი მივიდა. ხელთ მკვდარი ჩვილი ეპყრა. ქალის ნათქვამი არ ესმოდა მღვდელმთვარს, მაგრამ მისმა ცრემლებმა გული აუტოკა. უნდოდა, დახმარებოდა, მაგრამ არც ის სურდა, მერე დიდებით შეემოსათ. ამიტომაც ჰკითხა თავის დიაკვანს, არტემიდორს: - მითხარი, როგორ მოვიქცეო. - რატომ მეკითხები, ღირსო მამაო? - უპასუხა მან, - შეთხოვე ქრისტეს. ცოტა ხნის წინ მეუფე განკურნა შენი ლოცვით. ქრისტეა მიმცემელი სიცოცხლისა, მკურნალი ყველასი და არ მარტო მეფის. ამიტომ მოუხმე მას, რომელმაც ბრძანა: "აღსდეგ, შვილო" (მარკ. 5,41) და ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა. მისმა ნათქვამმა გული აუნთო წმინდა სპირიდონს, მიდრიკა მუხლი და ქრისტეს ყრმის გაცოცხლება შესთხოვა. ყრმამ თვალები გაახილა და ატირდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა საცოდავ დედამისზე, რომ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდად შეაწუხა წმინდა სპირიდონი, ახლა რაღა ვქნაო, - მდაბლად ჰკითხა არტემიდორს. - შენს ხელშია, წმინდაო მამაო, ცხოვრება დაობლებული ბავშვის დედისა, - ღიმილით უპასუხა დიაკვანმა, - შენ ხშირად მიგიმართავს უფლისთვის და მაშინვე მიგიღია პასუხი, რამეთუ მუდამ უფლის მცნებების აღმსრულებველი იყავი. ოქრო და ვერცხლი შენ არ მოგიგროვებია, სამაგიეროდ, გულში ქრისტე მოიპოვე, ამ მადლს კი დედამიწის ვერანაირი საგანძურის ფასად ვერ მოიპოვებს კაცი. უფალმა იცის, რომ მისგან მიღებულ ნიჭებს ყოველთვის სხვას გადასცემ. ამიტომაც ყოველთვის გისრულებს სათხოვარს. ახლაც კაცთმოყვარე ღმერთი შეისმენს შენს ლოცვასო. წმინდა სპირიდონმა ცრემლით დაასველა მიწა, მერე მკვდარ ქალს ხელი დაადო, თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: - ძეო ცოცხალი ღმრთისაო, მხოლოდშობილო სიტყვაო მამისაო, უფალო იესო ქრისტე, შთაბერე სიცოცხლე ამ მკვდარ დედაკაცსო. წმინდანის ლოცვით ქალიც მკვდრეთით აღდგა. წმინდა სპირიდონმა ბავშვი ხელში აიყვანა და დედას გაუწოდა. ხოლო იქ მყოფთ და ყოველივეს მხილველთ სთხოვა, დაემალათ და არავისთვის მოეთხროთ ამ დიდებული სასწაულის შესახებ. როცა წმინდა სპირიდონი მიიცვალა, მისმა დიაკვანმა არტემიდორმა ეკლესიაში, მორწმუნეებს უამბო ყოველივე. თევზი მიუტანა. წმინდა სპირიდონის სახელობის ყუთლუმუშის მონასტრის კელიაში ცხოვრობდნენ კუნძულ კორფუდან (იგივე კერკირა, სადაც წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილები ასვენია) გამოსული მონაზვნები. წმინდა სპირიდონის დღესასწაულისთვის (12 დეკემბერი) მამებმა თევზი ვერ იშოვეს და ძალზე წუხდნენ. ბერებმა თავიანთ მოძღვარს შესთავაზეს, ნედლი თევზის ნაცვლად ხმელი ვირთევზა ვიყიდოთო, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა, - მოითმინეთ, წმინდა სპირიდონი თვითონ გამოგვიგზავნის თევზსო - და შეუჩერებლად სკვნილს მარცვლავდა. სადილის კეთების დრო დადგა. მონაზვნებმა მოთმინება დაკარგეს. ამ დროს კელიის კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. გააღეს და რას ხედავენ, ორი მეთევზე დგას თევზით სავსე კალთებით. მათ მოძღვართან საუბარი მოისურვეს. მორჩილებმა მოძღვარს დაუძახეს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს: - ეს ის მამაო არ არის, ჩვენთან სხვა მოძღვარი მოვიდა და გვითხრა: - ეს თევზი წმინდა სპირიდონის კელიაში წაიღეთ. იქ ახლა დღესასწაულია და კარგ საფასურს გადაგიხდიან. თუ გინდათ, ავანსს მოგცემთო". მიხვდა მოძღვარი, რომ სასწაული მოხდა. მეთევზეები შეიყვანა ტაძარში ხატების საამბორებლად. წმინდა სპირიდონის ხატის დანახვისას ერთხმად წამოიძახეს: - აი, ამ მოძღვარმა გამოგვატანა თქვენთან თევზიო. მაშინ სულშემუსვრილმა მოძღვარმა წამოიძახა: - ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ, ის კურთხევად გვექნებოდათ წმინდანისგანო. კორფუს დაბომბვა. II მსოფლიო ომის დროს იტალია, მუსოლინის ბრძანებით, თავს დაესხა საბერძნეთს. მათი პირველი მსხვერპლი მეზობელი კუნძული კორფუ აღმოჩნდა. დაბომბვა 1940 წლის 1-ელ ნოემბერს დიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. კორფუს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ ჰქონდა, ამიტომაც იტალიურ ბომბდამშენებს შეეძლოთ განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეზე ეფრინათ. მაგრამ ამავე დროს დაბომბვისას უცნაური ამბები ხდებოდა: მფრინავები და ისინიც, ვინც მიწაზე იყვნენ, ამჩნევდნენ, რომ ბევრი ბომბი პირდაპირ მიწაზე კი არ ეცემოდა, უხვევდა და ზღვაში ვარდებოდა. ხალხისთვის ერთადერთი თავშესაფარი წმინდა სპირიდონის ეკლესია იყო. ეკლესიის გარშემო შენობები ძალზე დაზიანებული ან დანგრეული გახლდათ, თვითონ ტაძარში კი მინაც არ გაბზარულა. ეკატერინეს ამბავი. კორფუელი ეკატერინე ყვებოდა: "თუმცა სხვა ადგილას დავიბადე, მაგრამ წმინდა სპირიდონი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი წმინდანი. ეს სიყვარული გამიძლიერდა, როცა გავთხოვდი და საცხოვრებლად კორფუზე გადავედით. ბავშვი მეყოლა. ბერძნული ტრადიციით, მას ჩემი მამამთილის სახელი დაარქვეს. არადა, ძალიან მინდოდა, სპირიდონი დამერქმია. ვოცნებობდი, კვლავ ბიჭი მყოლოდა და წმინდა სპირიდონისთვის მიმეძღვნა. ექვსი წლის მერე, როგორც იქნა, მუცლადვიღე და ორი თვის ბავშვი დავკარგე. ავადმყოფი წმინდა სპირიდონს შევტიროდი, - ღმერთმა რატომ წაიყვანა ეს პატარა? ხომ იცი, რომ ის შენი უნდა ყოფილიყო-მეთქი. იმ ღამეს საავადმყოფოში სიზმრად გამომეცხადა წმინდა სპირიდონი და მაკურთხა, - ყველაფერი კარგად იქნებაო. მადლიერებით ხელზე ვეამბორე. გამომწერეს საავადმყოფოდან. ოცდაოთხი დღის მერე კვლავ დავფეხმძიმდი. შემეძინა ვაჟი - სპირიდონი, რომელიც ახლა ოთხი წლისაა. სპირიდონის შობიდან სამი თვის თავზე მივხვდი, რომ კვლავ ფეხმძიმედა ვარ. ახლა ქალიშვილი შემეძინა. მას ოლღა დავარქვი დედამთილის პატივსაცმად, რომელიც მამშვიდებდა ხოლმე: - პირველი ვაჟი შენი ვალი იყო, მეორე - წმინდანისადმი დანაპირებს აღსრულება, ეს ბავშვი კი ღვთის საჩუქარიაო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია