საახალწლო კონცერტის გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა. თუ შარშანდელ საახალწლო კონცერტზე მომღერლები იმის მიხედვით შეარჩიეს, ვის შეეძლო ცოცხლად სიმღერა და ვის - არა, წლევანდელი კონცერტის კონცეფცია ასეთია - სცენა ახალგაზრდა შემსრულებლებს ეთმობა. მერიაში პროექტი მიშა მდინარაძემ შეიტანა. უცნაურია, მაგრამ ახალგაზრდა მომღერლებში ვერ მოხვდა ნინი ბადურაშვილი, რატი დურგლიშვილი და სხვები.
რატომ ვერ მოხვდა საახალწლო კონცერტზე, ნინი ბადურაშვილს ინფორმაცია არ აქვს.
- ვერ გეტყვით, 25-ში მერიის დაკვეთით დათო ევგენიძე აკეთებს საინტერესო კონცერტს, სადაც მე და ანრი ჯოხაძე ვიმღერებთ დუეტს. მე როგორც შევიტყვე, მიშა მდინარაძე საინტერესო კონცეფციას შემოგვთავაზებს, შეიძლება არ ჩავჯექი მის კონცეფციაში, ნაწყენი არ ვარ, მას წლებია ვიცნობ. სიამოვნებით ვუყურებ მის გაკეთებულ ღონისძიებას, ვნახოთ რა იქნება. არ მახსენდება ახალი წელი, როცა არ ვიმღერე, მე საკმაოდ ბევრი კონცერტი მაქვს და არ ვფიქრობ, რადგან საახალწლო კონცერტზე არ ვმღერი, რა მეშველება-თქო. არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველა მომღერალს წარმატებებს ვუსურვებ.
კონცერტს მიღმა დარჩა მომღერალი ნინა წკრიალაშვილი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნინა არცერთ სამთავრობო კონცერტზე არ გამოსულა, თუმცა ამის გამო განაწყენებული არ არის.
- არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ვხვდები, რომ თემატური კონცერტია. ის უფრო უზნეობაა, ყველა რომ შეყარონ კონცერტზე. ტრაგედიას ვერ ვხედავ. მგონია, რომ კულტურის სამინისტრო რეგიონებში გააკეთებს კონცერტებს და იქაც თუ ვერ მოვხვდი, ე.ი რაღაც პრობლემაა. გულით გამიხარდება, მთავარი კონცერტი კარგი თუ გამოვა. გამიხარდება ისეთი ახალი თაობა წამოვიდეს, რომლითაც ვიამაყებთ. ახალგაზრდების არის ეს ქვეყანა. ბებერი საერთოდ არ ვარ. სხვანაირად არის შერჩეული მომღერლები. რაც ხელისუფლება შეიცვალა, სამთავრობო კონცერტებში არ ვყოფილვარ, ეს ცოტა მაფიქრებს რაღაცებზე, მაგრამ იმედი მაქვს, უბრალოდ დამთხვევაა.
ყველაზე დამაფიქრებელი იყო, გორის დღესასწაულიდან რომ ამომიღეს. სიმართლე გითხრა, გამიხარდა. ორი კაპიკი იყო ჰონორარი, თავიდან შემომთავაზეს მონაწილეობა, შემდეგ კი უარი მითხრა ორგანიზატორმა და ძალიან გამიხარდა. ჩავთვალოთ, ესეც დამთხვევა იყო. მე ხომ ბოღმა არ ვარ? ძალით თუ არ მსვამენ, აი, დარდი. მეტი დარდი არ მქონდეს ცხოვრებაში.
იმდენი საქმე მაქვს, როდის რა გავაკეთო არ ვიცი. ერთხელ მაინც შევხვდები სახლში ახალ წელს, თბილად ვიქნები ნაძვის ხესთან. რასაც ვიღებდი ჰონორარის სახით საახალწლო კონცერტებზე, ორჯერ მეტს ფილტვების ანთების წამლებში ვხარჯავდი. ბევრი კორპორატიული შემოთავაზება მაქვს, წავალ და ფულს გავაკეთებ. ერი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე სახელმწიფო.
მომღერალი აჩიკო მეფარიძე საახალწლო კონცერტზე მიიწვიეს, მაგრამ მონაწილეობაზე უარი საკუთარი გეგმების გამო განაცხადა.
- მე 31 დეკემბერს ნიუ-იორკში მაქვს კონცერტი. სამი თვის წინ მიმიწვიეს. როცა დამირეკეს, თავიდანვე ამ მიზეზით ვთქვი უარი. თბილისში უნდა მემღერა თუ რეგიონებში, არ ვიცი, მაგრამ რადგან ნიუ-იორკში ვარ მიწვეული, დეტალებით აღარ დავინტერესდი.
საახალწლო კონცერტის კონცეფციას უფროსი თაობის შეურაცხყოფად მიიჩნევს მომღერალი რატი დურგლიშვილი.
- ჯერჯერობით არ დავბერებულვარ, მაგრამ არავის დაურეკავს საახალწლო კონცერტზე. ყველას პატივს ვცემ, მე თუ სიაში არ მოვხვდი, არ ნიშნავს, რომ მისაღები არ ვარ. შეიძლება მიშასთვის არ ვარ მისაღები, მაგრამ სხვისთვის ვარ. გული მწყდება, ეს ძალიან ცუდია. მათი კეთილი სურვილია, ვის დაუძახებენ კონცერტზე.
მგონია, ახალგაზრდებზე გათვლით შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, ვისაც ეპოქა აქვს შექმნილი და ცხოვრება აქვს ჩადებული შემოქმედებაში. ჩვენ ხელით სატარებელი ვარსკვლავები გვყავს. უბედურებაა, რომ ჩვენს საკუთარს არ ვცემთ პასუხს. ხელოვანი ადამიანები არ უნდა ჭამდნენ ერთმანეთს. მესმის, ყველას ვერ ჩასვამ კონცერტზე, მაგრამ დიდი შეურაცხყოფაა მხოლოდ ახალგაზრდებმა იმღერონ. მე პოლიტიკაში არ ვერევი და არ ვფიქრობ, რომ დაბლოკილი ვარ. ვინმეს თუ ჰგონია პოლიტიზირებული ვარ, მისი პრობლემაა.
კონცერტის ორგანიზატორ მიშა მდინარაძეს საახალწლო კონცერტზე საუბარი აღარ სურს და ამბობს, რომ მომავალში სამთავრობო ღონისძიებებზე აღარ მიიღებს მონაწილეობას.
- მე უკვე ვისაუბრე ამაზე და მეტს აღარ ვისაუბრებ საახალწლო კონცერტზე.
- რატი დურგლიშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ახალგაზრდებზე გათვლა, უფროსი თაობის მუსიკოსების შეურაცხყოფაა, თავად როგორ ფიქრობთ?
- ეს რატი დურგლიშვილის აზრია, ახლა ახალგაზრდებს უფრო მეტად სჭირდებათ სცენა, რომელიც არც დიდებს აკლიათ და არც პატარებს. ჩატარდეს ჯერ ეს კონცერტი, იმედი მაქვს, კარგი გამოვა. რადგან ავიღე პასუხისმგებლობა ამ წელს, უნდა ჩავამთავრო. მომავალში აღარ მივიღებ ასეთ პროექტში მონაწილეობას, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის სხვა რაღაცები არის მნიშვნელოვანი. მუსიკაზე, ხარისხზე, ენერგიაზე არავინ ლაპარაკობს. მინდა ხალხმა ისიამოვნოს და ეს არ იყოს ის რუტინა, რაც აქამდე იყო. აღარ მინდა ამ ყველაფრის არც მოსმენა და არც ვინმესთან კონფლიქტი.
- ნინი ბადურაშვილი და რატი დურგლიშვილიც ახალგაზრდა მომღერლები არიან, თუ წლევანდელი კონცერტის კონცეფცია ახალგაზრდა მომღერლებზეა გათვლილი, ისინი რატომ ვერ მოხვდნენ?
- ძალიან მარტივია, რამდენი მომღერალიც იყო საჭირო, იმდენი შეირჩა. ვინც მოხვდა სიაში, ისინი ღირსები არიან. ეს ნორმალური, კონკურენტუნარიანი გარემოა, მომავალ წელს სხვები მოხვდებიან კონცერტში.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE