ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ქართული ენის პოპულარიზაციას ეწევიან

ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ქართული ენის პოპულარიზაციას ეწევიან

ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს.

მისმა მეუღლემ - ლელა ჟორჟოლიანმა-ლიკლიკაძემ იქ საკმაოდ კარგი საქმე წამოიწყო: დაინტერესებულ ადამიანებს ქართულ ენას ასწავლის და თურმე, ჩვენი მშობლიური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. ქალბატონ ლელას ინტერნეტით დავუკავშირდით.

- პრაღაში 6 წლის წინ, კობას სამსახურის გამო ჩამოვედით. მოგეხსენებათ, აქ "რადიო თავისუფლების" სათავო ოფისია, სადაც კობას სამუშაო შესთავაზეს. კონტრაქტი პრაღაში ოჯახით ჩამოსვლასა და ცხოვრებას ითვალისწინებდა. ასე მოვხვდით ამ მშვენიერ ქალაქში, სამ შვილთან ერთად. უახლოესი 4 წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენი უმცროსი ქალიშვილი სკოლას არ დაამთავრებს და სტუდენტი არ გახდება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ ვგეგმავთ. თუმცა, ჩვენი აქ ცხოვრების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ეს არ არის: "რადიო თავისუფლება", როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, კობას შესანიშნავ პირობებს სთავაზობს. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს დაემატა ჩემი პირადი საქმიანობაც, რომელიც ასევე, საპასუხისმგებლო საქმედ მიმაჩნია. დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია მოვახმარო ქართული ენის პოპულარიზაციას.

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- ფილოლოგი გახლავართ და ძალიან გამიმართლა, რომ ამ უცხო ქვეყანაში ჩემი სპეციალობით მუშა­ობის საშუალება მომეცა. ერთი წლის წინ, საქართველოს საელჩოში ქართველი ემიგრანტებისა და მათი შვილებისთვის სკოლა გაიხსნა, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიყვარულსა და მონდომებას ვგრძნობ თითოეული აქ მოსული ადამიანისგან. ეს ადგილი იქცა არა მხოლოდ ქართულის შესწავლის, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობისა და მეგობრობის პატარა ოაზისად და ამაში უდიდესი წვლილი ჩეხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ელჩს - ზაზა გოგსაძეს მიუძღვის, რომლის მონდომებისა და გულისხმიერების შედეგია ამ სკოლის გახსნაც და მისი ფუნქციონირებაც.

როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ერთ კარგ საქმეს, მეორე მოჰყვება: ქართული ენითა და კულტურით დაინტერესდა კარლოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ლაშა ნავერიანის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საელჩოს შორის. საბოლოოდ, კარლოსის უნივერსიტეტში ქართული კულტურის ისტორიის შემსწავლელი კურსი გაიხსნა, რომელსაც წარმატებით უძღვება ამ საქმის შესანიშნავი სპეციალისტი, ძალზე გამოცდილი პედაგოგი მაია დარჩია.

წელს კი, ოქტომბრიდან გაიხსნა უშუალოდ ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელსაც მე ვუძღვები. სასიხარულო ის არის, რომ ქართული ენისა და კულტურის ისტორია, როგორც ორი საგანი, თავისი საკრედიტო სისტემით, ოფიციალურად შევიდა კარლოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამაში. უფრო მეტიც, ჩეხეთის განათლების სამინისტროში გაიგზავნა კავკასიოლოგიის კათედრის აკრედიტაციის მოთხოვნა, რაც კიდევ უფრო დიდ პერსპექტივას აჩენს ჩვენი ენისა და კულტურის არა მხოლოდ პოპულარიზაციის, არამედ აკადემიურ დონეზე სწავლების თვალსაზრისით.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კარლოსის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტოპუნივერსიტეტების სიაში შედის, მაშინ ცხადი გახდება ამ მოვლენის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისი ძალისხმევითაც მოხდა ეს საშვილიშვილო საქმე: ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზაზა გოგსაძე, საქართველოს დესპანი - ალექსანდრე ჭელიძე, ახალგაზრდა ელჩი - ლაშა ნავერიანი და ბოლოს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე, რომელმაც კარლოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ქართული კუთხის მოსაწყობად წიგნები აჩუქა.

- როგორც ჩანს, უცხოელი სტუდენტები ქართული ენის შესწავლით დაინტერესდნენ, არა?

- ინტერესი საკმაოდ დიდია. რასაკვირველია, ჩვენი ენა მათთვის ძნელად აღსაქმელი და წარმოსათქმელია, ამიტომ ვცდილობ, შევთავაზო პროგრამა, რომელიც იოლად დასაძლევ მასალაზეა ორიენტირებული. თუმცა, ამ თვალსაზრისით, დიდი არჩევანი არ მაქვს. ჩეხურ ენაზე სახელმძღვანელო ფაქტობრივად, არ არსებობს და ერთგვარი კომბინაციის გაკეთება მიწევს სხვადასხვა ინგლისურენოვანი წიგნებიდან, ელექტრონული სწავლების საიტებიდან. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა და რეალური დახმარება, რასაც ჩემი მეუღლის მხრიდან ვგრძნობ. მოგეხსენებათ, ენის სწავლება, უპირველესად, პრაქტიკულ ინტერაქციას გულისხმობს, სახელმძღვანელოს არარსებობის პირობებში კი თავად მიწევს უამრავი სავარჯიშო მასალის, ლექსიკონის, დიალოგის შედგენა და რომ არა კობას დახმარება, ამას მარტო ვერ შევძლებდი. ჩაწერილი აუდიოდიალოგების ერთ-ერთი მუდმივი "ხმა" ჩემი მეუღლეა... სწავლის დონეების მიხედვით, ეს დიალოგები უფრო მრავალფეროვანი გახდება, მონაწილეთა რიცხვიც მოიმატებს და სავარაუდოდ, შვილებსაც ვთხოვ დახმარებას.

იხილეთ გაგრძელება

"კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა... ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას" - გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი

პაატა იმნაძე - ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა (ფოტოები)