გამოიწვევს თუ არა პატიმართა შეწყალების მინიჭების საკითხი მმართველ კოალიციაში განხეთქილებას?!

გამოიწვევს თუ არა პატიმართა შეწყალების მინიჭების საკითხი მმართველ კოალიციაში განხეთქილებას?!

პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ განაცხადა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა.

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - განაცხადა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს. ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოში არ განხორციელდება.

"საქართველოში, რომელიც არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ჩემი ღრმა რწმენით, სწორი არ არის და ის ვერ განხორციელდება. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია, ეს აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს შემდეგ განხილვებს ხელისუფლებაში და ამის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების თაობაზე ინიციატივას.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება განხილვების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. "სწორედ იმიტომ უნდა დაექვემდებაროს ეს საკითხი განსჯას, რომ ინახოს მისი ყველა მხარე, შემდეგ რა ცვლილებები სჭირდება ამას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, კომპლექსურად განსახილველი საკითხია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს მიაჩნია, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა გუშინ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც პატრიარქმა განაცხადა, რომ მას შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს, რაზეც პრემიერს უკვე ესაუბრა.

"მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს - დავით უსუფაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."