ქალთა მოძრაობის წევრებმა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. მათი თქმით, ქვეყანაში ნაადრევი ქორწინება აქტუალურ პრობლემად რჩება. ქალთა მოძრაობის წევრები სახელმწიფოსგან დროულ ჩარევას, პრობლემის აღიარებას და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას მოითხოვენ.
ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ, 4 არასრულწლოვანი გოგონა კი დედა ხდება. გოგონები წყვეტენ განათლების მიღებას და ვერ ეუფლებიან პროფესიას.
ქალთა მოძრაობის წევრის, ბაია პატარაიას თქმით, ადრეული ქორწინება საქართველოში სერიოზული სოციალური პობლემაა. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთშია, თუმცა შემთხვევები ყველგან ფიქსირდება.
AMBEBI.GE-სთან საუბარში ბაია პატარაია აცხადებს:
"ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - არ არსებობს ვალდებულება, რომ ქორწინება იყოს რეგისტრირებული, მეორე - 16 წლამდე ქორწინების რეგისტრაცია შეუძლებელია. თუმცა არსებობს რეალური მონაცემები, რომ ყოველდღიურად 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. ბუნებრივია, ეს არის ქორწინებასთან კავშირში. მაგალითად, მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მშობიარეთა 10% არის 16 წლამდე ასაკის."
მისი თქმით, სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს შორის 16 წლამდე სქესობრივი კავშირი აკრძალულია კანონით, თუმცა რეალურად ეს არის მხოლოდ დაწერილი კანონი, რომლის აღსრულებაც არ ხდება.
"ჩვენს საზოგადოებას არ აქვს წარმოდგენა, რამხელა რისკს უქმნის გოგონას თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც მისი განვითარების და მომავლის თვალსაზრისით. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო ამას არ აღიქვამს სერიოზულად. სწორედ ამიტომ, მას არ აქვს ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პოლიტიკა. არც როლები აქვს გადანაწილებული და განსაზღვრული, თუ რომელ სამინისტროს რა ევალება, საკითხთან დაკავშირებით.
ხშირ შემთხვევაში გოგონას არ სურს გათხოვება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, იძულებულია. ზოგჯერ, ამ გადაწყვეტილებას გოგონები იღებენ იმიტომ, რომ ეკრძალებათ თავისუფალი სქესობრივი კავშირი და თავს ვალდებულად თვლიან, რომ საკუთარ ურთიერთობას აუცილებლად მისცენ ქორწინების სახე. როდესაც შენ სოციუმი გაყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ არჩევანი არ გაქვს, გინდა თუ არა უნდა გათხოვდე, ამას მაინც ქვია იძულებითი ქორწინება."
ბაია პატარაიას თქმით, ოჯახი არის იმდენად რთული, საპასუხისმგებლო საქმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს ოჯახის შექმნის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ეს უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთ მცირე ასაკში კი ეს თითქმის შეუძლებელია. ასეთი ოჯახები არა მარტო ირღვევა, არამედ ხდება ძალადობის კერა. არასრულწლოვან გოგონებს არ გააჩნიათ არც განათლება, არც პროფესია, შესაბამისად, არ უგროვდებათ მუშაობის გამოცდილება და სხვებზე დამოკიდებულები ხდებიან, ამიტომაც საკუთარი თავის შეცნობას, თვითგანვითარებას ვერ ახდენენ", - აღნიშნავს ქალთა მოძრაობის წევრი.
ნაადრევი ქორწინებების პრობლემის აქტუალურობაზე საუბრობს ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი ხათუნა ჩუგოშვილიც. ის ამ საკითხს გენდერულ, რელიგიურ, ეთნიკურ და სოციალურ ფაქტორებს უკავშირებს.
როგორც ხათუნა ჩუგოშვილი აღნიშნავს, მოლდოვას და თურქეთის მსგავსად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
AMBEBI.GE-სთან საუბარში ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს:
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს, პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ რატომღაც ამას ვერ ვიყენებთ. სიღრმისეული კვლევა არ არის ამ სფეროში გაკეთებული; არ შეგვიძლია დავადგინოთ არასრულწლოვანთა ოფიციალური სტატისტიკა. საკანონმდებლო ბაზა ხშირ შემთხვევაში არ მოქმედებს, ოჯახი არ ამჟღავნებს, ყველა ცდილობს პრობლემის დამალვას.
რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს თანაცხოვრება ნორმალურ რიტმში განვითარდეს, მაგრამ როდესაც გოგონას განათლების უფლებას უწყვეტენ, გარემო პირობებს უცვლიან და ყველანაირად ზღუდავენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე",- აღნიშნავს ხათუნა ჩუგოშვილი.
ფსიქოლოგი ანა ჟღენტი ამბობს, რომ საქართველოში სამწუხაროდ, არ არსებობს კვლევა, რომელიც ავლენს ამ ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემებს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების კვლევა გვეუბნება, რომ გოგონას ნაადრევი ქორწინება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაძალადევად ან გაუცნობიერებლად ხდება, მომავალში კავშირშია განვითარებულ დეპრესიასთან, შფოთვის აშლილობებთან. გოგონები, რომლებიც ნაადრევად ქმნიან ოჯახებს, სკოლას ვერ ამთავრებენ, განათლებას ვერ იღებენ და მთლიანად დამოკიდებულნი ხდებიან სხვებზე, რაც მათ მიმართ ძალადობის რისკს ზრდის.
საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 18 წელს მიუღწეველ პირთა ქორწინება 14%-ს შეადგენს. 15 წელს მიუღწეველ პირთა შორის ქორწინების ზუსტი მონაცემი კი არ არსებობს, რადგან სკოლებსა თუ სხვა დაინტერესებულ უწყებებში სკოლის მიტოვებისა და არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება არ წარმოებს.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE