საფრანგეთის ხელისუფლებამ მალის დედაქალაქ ბამაკოში, სადაც სასტუმრო "რედისონში" შეიარაღებულმა პირებმა 170 მძევალი აიყვანეს, ნაციონალური ჟანდარმერიის ელიტური სპეცრაზმი გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟანდარმერიამ გაავრცელა.
სასტუმროს შტურმი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, 80 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, სპეცოპერაცია კი გრძელდება.
სასტუმროზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ. მედიასაშუალებების ნაწილი იუწყება, რომ თავდასხმა ორმა პირმა განახორციელა, ნაწილი კი 13-ს ასახელებს.
თავდამსხმელებმა სასტუმროში შეჭრის შემდეგ რამდენიმე პირი თავადვე, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მათი მოთხოვნით, ყურანიდან ციტატები ზეპირად წარმოთქვეს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.
როგორც ცნობილი გახდა, სასტუმროში მალელების გარდა ჩინეთის, თურქეთის, ინდოეთის, საფრანგეთის და ბელგიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თავდამსხმელები სასტუმროში "ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ.