ტრენინგ ცენტრში "ლურჯი ოკეანე" დროის მართვასთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა. ტრენინგ-კურსის მონაწილეებს ბიზნეს კონსულტანტმა დავით კენჭაძემ დროის მართვის 15 საუკეთესო წესი გააცნო და ბრაიან თრეისის ბესთსელერის - "შეჭამე ბაყაყის" ძირითადი აქცენტების შესახებ ესაუბრა.
დროის ეფექტურად გამოყენების მისაღწევად, ტრენერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიზნის დასახვაზე, დღის, კვირის, თვის დაგეგმვაზე, პროფესიულ ზრდაზე.
დავით კენჭაძე სემინარის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და პროფესიული, თუ პირადი ცხოვრებიდან სხვადასხვა მაგალითი მოუყვანა.
ტრენერმა მსმენელებს მოუწოდა დაფიქრებულიყვნენ საკითხზე- რა გვიშლის ხელს დროის მართვაში? მან მასტერკლასის მონაწილეებს არაერთი რჩევა მისცა, მათ შორის, ურჩია ფიქრების ფურცელზე გადატანა, კონკრეტული საქმის ან განვლილი დღის გაანალიზება, დაფიქრება - რამდენად პროდუქტიულად გამოიყენა ადამიანმა დღე, რამდენი დრო დაკარგა ფუჭად, რა ისწავლა?
ტრენინგ-კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გამოცდილების მიღების, კარიერული წინსვლის, უნარების გაუმჯობესების მნიშვნელობას.
დავით კენჭაძემ ტრენინგ-კურსის მონაწილეებს დროის მართვისას შემაფერხებელი ფაქტორების დაძლევის გზებიც მიუთითა.
მან ასევე დასვენების კომპონენტისა და განტვირთვის წუთების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, სემინარის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, AMBEBI.GE ბიზნეს კონსულტანტ დავით კენჭაძეს, ტრენინგის მონაწილეებსა და ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა:
- დავით, ასწავლეთ თუ არა ხეზე ასვლა ტრენინგის მონაწილეებს?
- ფაქტიურად კი, რადგან ჩემი მიდგომა ყოველთვის ასეთია- ვცდილობ, ავუხსნა ადამიანს და ყველაფერი ისე დავანახო, რომ დამატებითი შეკითხვები არ გაუჩნდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე შეკითხვების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო, რადგან სავარაუდო შეკითხვებზე ისინი უკვე იღებენ პასუხს, ეს ნიშნავს, რომ ჩემი მიზანია ყველას ვასწავლო ხეზე ასვლა.
- რამდენად ხშირად გაქვთ შემთხვევა, როდესაც თქვენი დატრენინგებული ადამიანები გხვდებიან და გეუბნებიან, რომ მათ თავიანთი ცხოვრება შეცვალეს, ისევე როგორც ეს იყო თქვენს შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ბრაიან თრეისის სემინარს დაესწარით?
- ძალიან საინტერესო შეკითხვაა. დაახლოებით სამი წუთის წინ ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა, რომელმაც ზუსტად ეს მითხრა. მან თქვა, რომ ჩემს მასტერკლასზე მეორეჯერ იყო და პირველი შეხვედრის შემდეგ, მისი ცხოვრება უკვე შეიცვალა. ძალიან ხშირად მომდის დადებითი შეფასებები, თუმცა ამაზე საუბარი არ მიყვარს. არ ვთვლი, რომ ეს ფართოდ სასაუბრო თემაა, რადგან მეთოლოგია, რომელსაც მე ვასწავლი, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, მსოფლიო გამოცდილება, რომელმაც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს მოუტანა წარმატება.
- რა რჩევა შეიძლება მისცეთ ადამიანებს, რომლებმაც ტრენინგზე დასწრება ვერ მოახერხეს და ახლა ამ სტატიას კითხულობენ?
- ძალიან ძნელია ერთი საკითხი გამოვყოთ, ამიტომ გავაერთიანებ: პირველი არის დროის დაგეგმვა და მეორე- მუდმივი განვითარება იმისათვის, რომ გახდე უფრო უკეთესი და უფრო მაგარი პროფესიონალი. ეს ორი ფაქტორი საბოლოო ჯამში გაძლევს ძალიან დიდ შედეგს.
ტრენინგის ბოლოს, მასტერკლასის მსმენელებს სერიფიკატები გადაეცათ. გარდა ამისა, ტრენინგ-კურსის მონაწილეები დასაჩუქრდნენ ბრაიან თრეისის ბესთსელერით "შეჭამე ბაყაყი".
ლადო ჭაფოძე, ტრენინგ-კურსის მონაწილე:
შესანიშნავი, ერთ-ერთი საუკეთესო ტრენინგი იყო, რომელზეც ვყოფილვარ, ვფიქრობ ძალიან გამომადგება. დავით კენჭაძემ პრაქტიკაში გვაჩვენა ის, რაც შეიძლება თეორიაში გაკეთდეს.
მაკა მატარაძე, ტრენინგ-კურსის მონაწილე:
ის რაც შეიძლება აქამდე ვიცოდი, ახლა გავიგე კომპეტენტური ადამიანისგან, უფრო დეტალებში. განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რომ დრო უნდა გადავანაწილო, ყველაფერი ჩამოვწერო, დავგეგმო და პატივი ვცე ჩემს დროს, რომელიც გამოყოფილი მაქვს ამა თუ იმ საქმისთვის.
"ლურჯი ოკეანე-ბიზნეს განათლება" "მედია პალიტრის" საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც აერთიანებს ორ მიმართულებას - გამომცემლობასა და ტრენინგ ცენტრს.
"ლურჯი ოკეანე-გამომცემლობის" ფარგლებში მსოფლიოში დაწინაურებული ბიზნეს ლიტერატურა ქართულ ენაზე გამოიცემა. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესთსელერები, როგორიცაა ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყი" და "გახდი გაყიდვების ვარსკვლავი"; სერიის "მარტივად" ორი წიგნი - "მართე მარტივად" და "სამუშაოს ძებნა მარტივად".
რაც შეეხება, "ლურჯი ოკეანე-ტრენინგს", ეს არის საგანმანათლებლო სივრცე ბიზნესის სფეროში დასაქმებულთათვის, რომელიც კლიენტებს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებულ, პრაქტიკული ცოდნით გამყარებულ საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შესაძლებლობას აძლევს.
ტრენინგის მიმართულება დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ მოკლევადიან და გრძელვადიან სატრენინგო კურსებს სთავაზობს.
სალომე საბელაშვილი, ტრენინგ ცენტრის "ლურჯი ოკეანე" ხელმძღვანელი:
ტრენინგ ცენტრის ძირითადი იდეაა განვითარებისთვის ახალი სივრცე შევქმნათ. ჩვენთან იგეგმება ინოვაციური ტრენინგები, რომლის თანახმად, ახალი სამაგიდო წიგნების სატრენინგო ფორმატში გადმოტანა და ქართულ რეალობაზე მორგება ხდება. ეს ჯამში გვაზოგინებს დროს, რადგან აღარ გვიწევს მოცულობითი მასალის გაცნობა და ჩვენს რეალობაზე მორგება. მსურველებს ასევე ვთავაზობთ გრძელვადიან ტრენინ-კურსებს, რომელიც კომპანიებზე და კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება დაფუძნებული.
ტრენინგ ცენტრი "ლურჯი ოკეანე" მდებარეობს მისამართზე კოსტავას 47, მეორე სართული. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.blueocean.ge
ნატალია დადიანი
Ambebi.ge