2013 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს 5-წლიანი, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც ამ სფეროს გამოცოცხლებას ემსახურება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ბიუჯეტი 52 მლნ ევროს შეადგენს, რომლის გავრცობაც დამატებითი თანხებით იგეგმება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წინასწარ განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულა, რისთვისაც ევროკავშირისგან 8 მლნ ევროს ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. "კვირის პალიტრა" საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს ესაუბრა.
- რა სახით გაეწევა მონიტორინგი 8 მლნ ევროს საბიუჯეტო დახმარებას? მიღწეულია თუ არა შეთანხმება ევროკავშირსა და მთავრობას შორის საერთო სამოქმედო გეგმის შესახებ ამ თანხის განკარგვასთან დაკავშირებით?
- სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩვენ მუდმივად გვყავს ადგილებზე სოფლის მეურნეობის სფეროს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუშაობენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეგიდით. ეს გუნდი სამინისტროს მუდმივად აწვდის რჩევებსა და ექსპერტიზას. ყოველდღიური მხარდაჭერის გარდა, რეგულარულად ჩამოგვყავს უცხოელ ექსპერტთა მისია მდგომარეობის შესაფასებლად - ისინი გადიან კონკრეტულ ლოკაციებზე, ხვდებიან ფერმერებს, სამინისტროს თანამშრომლებს და ამ სექტორში ჩართულ ადამიანებს. რაც შეეხება სულ ახლახან განხორციელებულ საბიუჯეტო დახმარებას, საქართველომ ყველა პუნქტი გადაჭარბებით შეასრულა. მაგალითად, ადგილობრივ ფერმერთა 34 საკონსულტაციო ცენტრის ნაცვლად შეიქმნა 54 ცენტრი, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით ყოველდღიურად 300-ზე მეტი ექსპერტი მუშაობს. ისინი ყოველდღიურად უზიარებენ ფერმერებს გამოცდილებას და ინფორმაციას აწვდიან სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. მსგავსი სისტემა მანამდე საქართველოში არ არსებობდა. 2016 წელს 6,5 მლნ ევროს ტრანშის მისაღებად არსებობს პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მაგალითისთვის: პირობა მოიცავს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას ფერმერული კოოპერატივების მხარდასაჭერად, აგრეთვე საკონსულტაციო ცენტრების კიდევ უფრო განვითარებას.
- ყოველივეს გათვალისწინებით, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა საქართველოში და რა ეტაპზე ვართ?
- სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მეურნეობა არასახარბიელო მდგომარეობაშია. მოსავლიანობა ძალიან დაბალია, ფერმერთა შემოსავალი კი მწირი. კვლავაც პრობლემატური საკითხია მიწის რეგისტრაცია, ფერმერების უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია სათანადო სათესლე მასალები და მიწის გამანოყიერებელი საშუალებები. ამ სფეროს საწყისი პოზიციები ENPARD-ის პროგრამის დაწყებისას ნამდვილად რთული გახლდათ.
ნაყოფიერი ქართული სოფლები უმეტესწილად წლობით უყურადღებოდ იყო დარჩენილი. სოფლის მეურნეობის სფეროს, სხვა დარგებთან შედარებით, ცვლილებებისთვის მეტი დრო სჭირდება. ვერც სწრაფი გამოსავალი მოიძებნება. წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდება მის გაჯანსაღებას. წინ უდიდესი ამოცანაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში პოლიტიკის უწყვეტად და სწორხაზოვნად წარმართვას მოითხოვს, ისევე როგორც დიალოგს ფერმერებთან, რადგან მათი აზრი გახლავთ უტყუარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხორციელდება პოლიტიკა პრაქტიკაში. მაგრამ არსებობს საწყისი, იმედისმომცემი ნიშნები და მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. 2014 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შთამბეჭდავი 10%-იანი ზრდა აღინიშნა. მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის და ეს არის გადამწყვეტი. აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირი ძალიან ეხმარება მას წარმატების მიღწევაში.
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით რას შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი? როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით?
- მეტი ინვესტირება და ცვლილებები მთლიანად სფეროს სჭირდება და აქ მხოლოდ ერთი მიმართულების გამოყოფა არ იქნებოდა მართებული.