ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ვრცელ კომენტარს "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს, - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალექსი ახვლედიანი მთავარ პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მას ჟურნალისტებთან გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.
"ჯერ მე თვითონ გავერკვე, რა ხდება სიტუაციაში. შევხვდები ნიკას. რა ხდება საერთოდ, მე თვითონ გავერკვე და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. მანამდე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია მისი მეგობარია და "ალბათ ეს იყო მეასე ვიზიტი "რუსთავი2"-ში.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
პროკურატურის მიერ მოწმე ნ.გავარამიას მიეცა წინადადება, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ გამოყენებულიყო დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მან უარი განაცხადა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ შეხვედრა ადამიანთან, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა, ტელევიზიის შენობაში შედგა. მისი ვინაობის დასახელებისგან და დამატებითი დეტალების გახმაურებისგან გვარამიამ გუშინ თავი შეიკავა. "ჯერ არ ვარ მზად ამ ადამიანის დასასახელებლად. შეხვედრა მოხდა ამ შენობაში, რომელშიც ვიმყოფებით. თუ იმას ელოდებით, რომ ეს შეხვედრა მტკიცებულებებით და ფარული ჩანაწერებით წარიმართა, ეს ასე არ ხდება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ არ მეთქვა იყო ისიც, რომ მე ამ შეხვედრის მტკიცებულებები არ მაქვს", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, ადამიანისგან, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდიდა და გაიგო, რომ სასამართლო "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. "მითხრეს შემდეგი - არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებული ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში", - განაცხადა გვარამიამ.