დაფნის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დაფნის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დაფნის ფასმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დასავლეთ საქართველოში 1 კგ ფოთოლს 4-4,5 ლარად იბარებენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ფასად დაფნა არასდროს გაყიდულა. მკვეთრი მატება რუსეთსა და თურქეთში გაზრდილმა ექსპორტმა გამოიწვია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დაფნის ფოთოლს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. იგი ახლაც მოთხოვნადი პროდუქტია. "საქსტატის" მონაცემებით, შარშან 4,182 ათასი ტონა დაფნა გავიდა ექსპორტზე. აქედან 36% - რუსეთში. სიდიდით მეორე ექსპორტიორი თურქეთი იყო. 22%-იანი წილით. 2013 წელს მსოფლიოს 12 ქვეყანაში 2 423 188 კგ დაფნის ექსპორტი განხორციელდა, აქედან რუსეთში 20 ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა. რუსეთში ქართული დაფნა ებმარგოს პირობებშიც გადიოდა, ოღონდ მესამე ქვეყნების, ძირითადად, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის გავლით. 2015 წლის დასაწყისში კი ექსპორტზე 1,068 ათასი ტონა გაიტანეს, საიდანაც 52,5% თურქეთზე მოდის. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის არის უკრაინა, ყაზახეთი, ნიგერია, ფილიპინები, უზბეკეთი და ა.შ.

საბჭოთა პერიოდში დაფნის გაშენების ბუმი იყო დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამეგრელოში. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ხობის რაიონი, ფაქტობრივად, ამ მცენარით იყო გადაფარული. სამეგრელოდან დაფნა საკონსერვო მრეწველობას და სხვა დარგებს ამარაგებდა. მერე მოხდა ისე, რომ იკლო ფასმა და მოსახლეობამაც მისი წარმოების მიმართ ინტერესი დაკარგა. ამჟამად სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში დაფნის საკარმიდამო ნაკვეთებია. ყველაზე კარგად იგი ხობში შემორჩა. რამდენადმე შენარჩუნებულია სენაკში, ზუგდიდის რაიონსა და სამტრედიაში.

ხობელი ფერმერის, გია ჭანტურიას ინფორმაციით, დაფნას დიდი ოდენობით ყიდულობენ თურქები. მისი თქმით, პროდუქტის გადამუშავება და დაფასოება მეზობელი ქვეყნის ქარხნებში ხდება და ექსპორტზე ევროპაში გადის. საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა რუსეთიდანაც. "ბაზარზე დაფნის მიმართ მოთხოვნა დიდია. ჩვენ ექსპორტს, ძირითადად, რუსეთსა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ვაწარმოებთ, თუმცა მზარდია შეკვეთა თურქეთის მხრიდან. მოსავლიანობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ხობის რაიონში დაფნა ათასობით ჰექტარზეა გაშენებული. ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია ციტრუსთან ერთად. ერთი ძირი დაფნის ხიდან, საშუალოდ, 2-3 კგ იკრიფება. როცა ხე არის ძველი, მოსავალიც გაცილებით მეტია. წელს ხარისხის მხრივ ცოტა პრობლემაა, რადგან გვალვამ ფოთლის ხარისხზე იმოქმედა. ფასის გამო დაფნის წარმოების მიმართ მოსახლეობის ინტერესი აშკარად გაიზარდა, რასაც დაფნის ნერგზე დიდი მოთხოვნაც ადასტურებს," - ამბობს ხობელი გლეხი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია