სამმაგი მკვლელობა მოხდა კრასნოგორის მერიის შენობაში. გამოძიების ცნობით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ კრასნოგორის რაიონის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იური კარაულოვი და ქალაქის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო დაცხრილა. კიდევ ერთი ადამიანი მოკლა ადმინისტრაციის შენობის გარეთ, რომელიც სავარაუდოდ, შეიარაღებულ დამნაშვეს შემთხვევით გადაეყარა.
ამჟამად კრასნოგორის ადმინისტრაციის შენობაში კვლავ გამოძიება მიმდინარეობს. ადმინისტრაციის შენობიდან 50 მეტრში დიდი სავაჭრო ცენტრია, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, როგორ შედის სავარაუდო მკვლელი ადმინისტრაციის შენობაში. პოლიციამ მოქალაქეებს ურჩია, რომ სახლიდან არ გავიდნენ, რადგან ვარაუდობენ, რომ მკვლელი ჯერ ისევ ქალაქშია.
"ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე კრასნოდარის რაიონის ტერიტორიაზე ობიექტების მშენებლობითაა დაკავებული. კარაულოვთან მას არა მხოლოდ საქმიანი, არამედ მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებდა, ისევე, როგორც კოტლარენკოსთან. ჩვენი ცნობებით, გიორგაძე, რომელსაც აქამდე სახელმწიფო შეკვეთებს აძლევდნენ, ბოლო დროს ამ შესაძლებლობას აღარ ფლობდა", - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა.
55 წლის ამირან გიორგაძე შეიარაღებული და ძალიან საშიშია. მარკინის ცნობით, ის მეგობრობდა ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილესთან. ისინი ერთად ფლობდნენ ხელბურთის კლუბ "ზორკის". მოკლული კარაულოვი კლუბის პრეზიდენტი იყო, ეჭვმიტანილი გიორგაძე კი ვიცე-პრეზიდენტი.
დაახლოებით შუადღის ორ საათზე გიორგაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის კაბინეტში შევიდა და ხმამაღლა დაიწყო კამათი. შემდეგ კაბინეტში დაპატიჟეს "კრასნოგორის ელექტროქსელების" უფროსი. კამათი გაგრძელდა. გიორგაძემ დიდი ჩანთიდან ამოიღო ან კარაბინი "შაიგა", ან "კალაშნიკოვი", მაგრამ იარაღი გაიჭედა და მან ჩინოვნიკები პისტოლეტიდან ათი გასროლით მოკლა.
ცნობილი გახდა, რომ კარაულოვი მიწების ლიცენზირების ხელმძღვანელ კომპანიას განაგებდა. ამას გარდა, 2011 წელს საგამოძიებო კომიტეტმა ორჯერ აღძრა მის წინააღმდეგ მიწების მაქინაციასთან დაკავშირებით საქმე, მაგრამ ორივეჯერ პროკურატურამ მის განხილვაზე უარი განაცხადა. გამომძიებლების ვერსიით, კონფლიქტი სწორედ მიწებთან დაკავშირებით წარმოიშვა. გიორგაძე კრასნოგორში 20 სამშენებლო ფირმას ფლობდა.
ამჟამად ქალაქ ტიმოშენკოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რადგან შესაძლოა, სწორედ იქ იმალებოდეს მკვლელი.