თავშესაფარში სულიერება მხოლოდ დაუცველ მოხუცებულებშია, დანარჩენებს: თავშესაფრის დირექტორს, უცხოელ ინვესტორებს, "იმის იმას" მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, ხოლო მედიას კი საუკეთესო სანახაობა ადარდებს. იქ სიცოცხლე არ ფასობს, არც ღირებულებები, სამაგიეროდ, სეირის მოყვარული ბევრია...
ასეთი გახლავთ მოზარდმაყურებელთა თეატრის წლევანდელი, ერთ-ერთი ახალი სპექტაკლის - "მეფე ლირი თავშესაფარში" დედააზრი, რომელიც რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ განახორციელა. ისვე გახლავთ პიესის ავტორიც. როგორც რეჟისორი ამბობს, ეს არის აქცია-სპექტაკლი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორები ვართ და როგორები არ უნდა ვიყოთ...
დიახ, "მეფე ლირი თავშესაფარში" გახლავთ სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, რომელიც სავსეა აქტუალური და მტკივნეული თემებით. მოქმედება ქალაქის ცენტრში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში ვითარდება. მისი ბინადარი შვილებისგან და ახლობლებისგან მიტოვებულ-დავიწყებული ათიოდე მოხუცებულია, რომელიც თავშესაფრის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ხარბ, შეუბრალებელ, ყალბ ადამიანებს უცხადებს...
თავშესაფრის დაქირავებული ხელმძღვანელი საკუთარი თავის გადასარჩენად, ახლობლებისგან ერთხელ უკვე უარყოფილ ხანდაზმულების ბედს არაფრად აგდებს და გასაწირად იმეტებს. კეთილდღეობის სურვილით შეპყრობილს, არც ის ახსოვს, რომ სიბერე ის გარდაუვალი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც დღეს თუ ხვალ კარზე მოაკაკუნებს...პიესა ორი მოქმედებისგან შედგება, რომლის მხატვარი - აივენგო ჭელიძეა, კოსტიუმების მხატვარი - მაია სხირტლაძე, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი - ლექსო ტურიაშვილი.
წარმოდგენაში დასის დიდი ნაწილია დაკავებული. პიესა "მეფე ლირი", რომელსაც მოხუცები თავშესაფარში დგამენ, მათი დრამატული ცხოვრების ფონზე ვითარდება და დარბაზში მყოფ მაყურებელს ბევრ რამეზე აფიქრებს...
AMBEBI.GE
ლალი ფაცია