"დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას უყურებდნენ" - ღარიბაშვილი წამების კადრებზე საუბრობს

"დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას უყურებდნენ" - ღარიბაშვილი წამების კადრებზე საუბრობს

დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა. ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილი წამების კადრების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე არის თუ არა ეს კადრები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში აღმოაჩინეს და რომელიც უნდა განადგურებულიყო, პრემიერმა განმარტა, რომ ეს სწორედ ის კადრებია, რომელიც მისი შს მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი, თუმცა მას არ ჰქონდა უფლება და ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს, რომლებიც არის დანაშაულის შემცველი. ღარიბაშვილის თქმით, განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ხოლო ეს მასალა, რაც გუშინ გავრცელდა, ინახება პროკურატურაში და დევს კონკრეტულ საქმეში.

"მოგეხსენებათ, მე ვიყავი მაშინ შს მინისტრი, როდესაც გამოვავლინეთ ეს მძიმე დანაშაული. ოპერატიულად გამოვიძიეთ ეს საქმე და ყველა დამნაშავე პირი იქნა დასჯილი. ისინი არიან ციხეში, მისჯილი აქვთ 9 თუ 12 წელი და ა.შ.. არავინ არ არის გათავისუფლებული. ერთი იყო გაქცეული და ჩამოვიყვანეთ და თუ არ ვცდები 1-2 კიდევ იძებნება, მაგრამ ყველას მიესაჯა ის, რასაც იმსახურებდნენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას ესმის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და ალბათ გამოძიება დაადგენს, თუ როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წინა მთავრობა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. "ძალიან მარტივი საფიქრებელია ის, რომ ამ კადრების ძალიან ბევრი ასლი არსებობდა. ანუ, მრავალი ვერსია შეიძლება იქნას განხილული, როგორ გავრცელდა ეს კადრები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წინა მთავრობა – სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა.

ეს არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ასე სასტიკად აწამებდა საკუთარ მოსახლეობას. მე არ მინდა კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ძველ საკითხებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე, ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი 2012 წლის პირველ ოქტომბერს და გუშინდელი კადრები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა. ენით აღუწერელია, როგორ უსწორდებოდნენ და აწამებდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს. რაც შეეხება კადრების გავრცელების საკითხს, მე, როგორც ვიცი უკრაინაში გავრცელდა ეს კადრები და მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინის მოქალაქეებს და ა.შ.", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ მას დეტალებში შესვლა არ უნდა და ამ საკითხებს ალბათ გამოძიება დაადგენს.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგი ექსპერტებისა თუ სხვები ატყუებენ მოსახლეობას, რომ იგი ამ კადრების განადგურებას ვინმეს დაჰპირდა და არ გაანადგურა და განმარტა, რომ ის კანონზე მაღლა არ დგას და აღნიშნული კადრების განადგურების უფლებამოსილება არ ჰქონდა. "ეს არის ტყუილი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. რომც გამენადგურებინა ეს კადრები, გამორიცხავთ იმის ალბათობას, რომ ამ კადრების დუბლიკატები არსებობდა?! ან გამორიცხავთ იმას, რომ ის, რაც უკვე გავანადგურეთ, იმის ასლები არ არსებობს? რა თქმა უნდა არა, იმიტომ, რომ ეს იყო მათი სისტემა და ისინი ამით ტკბებოდნენ, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, პარლამენტის წევრები დღეს რომ გრძელი ენები აქვთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა. ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."