ახლახან შევიტყვეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ნაწილმა ნოზოლოგიური კოდების სტანდარტული ფასები 10%-ით გაზარდა (ყველა დაავადებას თავისი ნოზოლოგიური კოდი აქვს, ისევე როგორც სამედიცინო და ინსტრუმენტულ კვლევებს, რითაც ფასი განისაზღვრება). თუმცა ფასების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც კლინიკები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავენ(?!).
კერძოდ, კლინიკები არ აზუსტებენ, რა მომსახურებაზე გაზარდეს ფასები. სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტი კი არ ამხელს, რომელმა კლინიკებმა გაზარდეს ე. წ. სტანდარტის ფასები. არადა, კლინიკებმა ამ მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტს უნდა მიმართონ და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ფასის გაზრდა. ჩვენი ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტმა ზოგი კლინიკის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ზოგის -არა. ცხადია, "საყოველთაოდ დაზღვეულ" მოსახლეობას უფლება აქვს, იცოდეს, რომელ კლინიკაში რა მომსახურებაზე გაიზარდა ფასი.
"კვირის პალიტრამ" სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიმართა. თავდაპირველად, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ხომერიკი ინტერვიუზე დაგვთანხმდა. თუმცა მალე გადაიფიქრა (მოუცლელობის საბაბით), შემდეგ კი ოფიციალური წერილით კითხვების გაგზავნა მოგვთხოვა. ასეც მოვიქეცით, პასუხი კი მაინც ვერ მივიღეთ... ისევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებზე აღარავინ გვიპასუხა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში არცთუ დიდი ხნის წინ დანიშნულ ნინო შუბლაძეს (საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მივმართეთ. დიდი ძალისხმევის შედეგად, სამაბზაციანი წერილი მივიღეთ, სადაც ჩვენს შეკითხვებზე პასუხი მაინც არ იყო გაცემული(?!). გაურკვეველია, რატომ დასჭირდა 3 სამუშაო დღეზე მეტი ამ პასუხის მომზადებას? არავინ დაგვიზუსტა, რომელი კლინიკების მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ვის რა მიზეზით უთხრეს უარი. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის გახლავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფასების გაზრდის ფაქტი დაგვიდასტურა: "ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განსაზღვრული გავლენა იქონია ბოლო პერიოდში (2-3 თვე) ნოზოლოგიური კოდების ტარიფის მომატების მოთხოვნით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომართვიანობის ზრდაზე -უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დაფიქსირდა მსგავსი შინაარსის 35-მდე წერილი. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ფარმაკოლოგიურ ნაწარმზე. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების უმეტესობამ ლარის მერყევი კურსის პირობებში, ფასის გაზრდის მოთხოვნისაგან თავი შეიკავა და შეამცირა მოგების მაღალი მარჟა, რადგან სახელმწიფო დაკვეთის სტაბილურობიდან გამომდინარე, მათი ჯამური მოგება მაინც სოლიდურია".
"კვირის პალიტრას" ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც არცთუ დიდ ხნის წინ მნიშვნელოვანი თანამდებობა ებარა (მან ვინაობის დასახელება არ ისურვა): "ჯერჯერობით სერგეენკოს უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ პროგრამა არ შეწყდეს, თუმცა დიდხანს ვერ გასტანს. გადაუდებელი და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რაზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დიდი დაფინანსება აქვს გამოყოფილი. რა გახდა ამის მიზეზი?