ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ზღვისპირეთში საკურორტო დაბა კრიჟანკოვკას ეწვია, სადაც მიწაზე მაღალი ფასები განპირობებულია იმით, რომ ტერიტორიებს სოფლის საბჭო ანაწილებს. როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, მისმა ადმინისტრაციამ გაარკვია, რომ მიწების უმრავლესობა სწორედ ამ საბჭოს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს აქვთ განაწილებული, რის გამოც მათზე ფასიც მაღალია. [იხილეთ ვიდეო]
"გადავწყვიტეთ, ამ განუკითხაობისთვის წერტილი დაგვესვა. როცა ადგილზე ჩავედი, დამხვდა რამდენიმე ადგილობრივი, ძირითადად, სოფლის საბჭოს წევრები, რომლებმაც მიითვისეს ეს მიწა. მე ყველა მცხოვრების მოსაზრებას ვუსმენ, თუმცა ეს მაფიოზური კლანი ჩემს ხმას ვერ გადაფარავს!" - წერს სააკაშვილი ვიდეოს კომენტარში, რომელსაც საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
კადრებში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ ადგილობრივები მიხეილ სააკაშვილს და მას "სულელი" და "მატყუარა" უწოდეს. გუბერნატორმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ კორუფციაში ჩართულები სათანადოდ დაისჯებიან და ყველას მოუწევს მიტაცებული მიწების უკან დაბრუნება.