მომღერალი ნუცა ბუზალაძე თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ რასაც გულით მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა.
გამარჯვებებს მიჩვეული, დამარცხებას ვერ ეგუება. თუმცა, აღნიშნავს, - ხანდახან მარცხის გემოც უნდა გაიგოო.
ბავშვობა
- დაახლოებით 3 წლის ვიყავი, დედამ საბავშვო ბაღში რომ შემიყვანა. ბაღი სახლთან ახლოს იყო და გზა რომ ვისწავლე, მერე მარტო დავდიოდი, დედას აღარ ვაწუხებდი ხოლმე (იცინის). ბავშვობიდანვე ვცდილობდი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. როცა რაიმე ღონისძიება ტარდებოდა, ყოველთვის ვაქტიურობდი. თავის გამოჩენა ძალიან მიყვარდა.
- საბავშვო ბაღში შეყვარებული გყავდა?
- როგორ არა! თან, ერთი კი არა, სამი ბიჭი ერთდროულად მიყვარდა. მახსოვს, სამივე ძალიან სიმპათიური იყო. მათ ვაწვალებდი და არც ერთმა არ იცოდა, რომ მიყვარდა... სკოლაში კი ჩემზე 2 წლით უფროსი ბიჭი და მას მთელი 2 წელი ვეპრანჭებოდი. სერიოზული არაფერი ყოფილა. იმ ბიჭმა არც იცოდა, რომ მომწონდა. დროთა განმავლობაში, გადამიყვარდა (იცინის).
- როგორი მოსწავლე იყავი?
- შეიძლება ითქვას, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი. ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარდა და კლასის თვითმმართველიც კი ვიყავი. მოკლედ, ვაქტიურობდი.
- თუ გახსოვს, პირველად რა პროფესიის დაუფლების სურვილი გაგიჩნდა?
- სიმღერა პატარა ასაკიდან დამიწყია. მთელი ბავშვობა და მერეც, ვფიქრობდი, რომ მომღერალი უნდა გავმხდარიყავი. უკვე მოზრდილ ასაკში, როცა ჩემმა მეგობრებმა პროფესიები აირჩიეს, მეც ვთქვი, - ჟურნალისტი გავხდები-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. ერთი პერიოდი ოპერის მომღერლობაც მინდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც, ესტრადა ვამჯობინე.
- ამბობ, ბავშვობაში დამოუკიდებელი, ლიდერი და მიზანდასახული ვიყავიო. ეს თვისებები დღესაც გაქვს?
- ყველა ბავშვობის დროინდელი თვისება დღემდე მომყვება. ვფიქრობ, ეს ისეთი თვისებებია, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. რასაც ხელს მოვკიდებ, ვცდილობ, საუკეთესოდ გავაკეთო. როცა პირველობა გიყვარს და იბრძვი კიდეც ამისთვის, პირველი თუ არა, ბოლო მაინც აღარ იქნები.
- წელს აბიტურიენტი იყავი. უკვე სტუდენტი ხარ?
- ეროვნულ გამოცდებზე არ გავსულვარ. საზღვარგარეთ ვაპირებ განათლების მიღებას, მანამდე კი ერთწლიანი პაუზა ავიღე და მომავალ წელს იმედია, სასწავლებლად ამერიკაში გავემგზავრები.
ცხოვრების წესი
- ამ ეტაპზე საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვით აქტიურად ვარ დაკავებული. დილით მივდივარ აუზზე, სადაც ვცურავ და მერე მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ. მოგვიანებით, რეპეტიციებზე მივდივარ, შემდეგ ვოკალში ვმეცადინეობ... დედა გიჟდება, - როგორ გიყვარს შენი თავიო (იცინის)... ძალიან მინდა, ის ყველაფერი გავაკეთო, რაც უკეთესობისკენ შემცვლის. ერთადერთი, კვების რეჟიმი ვერ დავარეგულირე. საღამოობით, როცა მეგობრები ვიკრიბებით, სუპერმარკეტში უამრავ ტკბილეულს ვყიდულობთ და გემრიელად გეახლებით (იცინის).
- ანუ დიეტაზე ყოფნა ხშირად გიწევს, არა?
- კი, საკმაოდ ხშირად ვარ დიეტაზე. ხანდახან მთელი დღე მხოლოდ წყალს ვსვამ, ზოგჯერ კი ნებისყოფა არ მყოფნის, რომ ტკბილეულზე უარი ვთქვა. თუმცა, როცა პროექტში მონაწილეობა და რაღაც სერიოზული შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, დიეტაზე უარს არ ვამბობ. მახსოვს, "იურმალისთვის" რომ ვემზადებოდი, წონაში 8 კილოგრამი დავიკელი... არის პერიოდები, როცა ძალიან ვიკლებ ან პირიქით - ძალიან ვიმატებ.
- ასეთი ცვალებადი წონის გამო ალბათ, გარდერობის ხშირ-ხშირად გაახლება გიწევს. ასეა?
- ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა. როცა ვსუქდები, ამოვიჩემებ ხოლმე ერთ სამოსს ანუ იმას, რომელშიც უფრო
ნაკლებად ჩანს ჩემი ზედმეტი წონა და სულ ის მაცვია. ასეთ დროს არაფრის ხალისი არ მაქვს: არც ლამაზად ჩაცმის, არც "შოპინგის". ძირითადად, მაშინ ვსუქდები, როცა მოდუნებული ვარ და საქმე არ მაქვს. განაგრძეთ კითხვა