შეიარაღებული დაპირისპირებების პიკი საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში - რამდენად საფრთხისშემცველია პროცესები ქართველი ხალხისთვის

შეიარაღებული დაპირისპირებების პიკი საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში - რამდენად საფრთხისშემცველია პროცესები ქართველი ხალხისთვის

საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მორიგი კონფლიქტის ეპიცენტრია. დაპირისპირება თურქეთის არმიასა და ქურთ მებრძოლებს შორის დღითიდღე მწვავდება. თითქმის ყოველდღე ქურთი ამბოხებულები თურქეთის არმიას და პოლიციას თავს ესხმიან. თურქეთის ჯარები კი ქურთების პოზიციებს უტევს როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე ერაყსა და სირიაშიც. თითქმის ყოველდღე არის მსხვერპლი.

დაპირისპირებაში უკვე ქურთი ამბოხებულებისა და ძალოვანი სტრუქტურების გარდა, მოსახლეობის სხვა ნაწილიც ჩაერთო, მათ შორის ნაციონალისტები. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ქურთებმა 14 სამართალდამცველი მოკლეს. თურქმა ნაციონალისტებმა მომხდარს ძალადობით უპასუხეს, თავს დაესხნენ ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისებს, იყო შეტაკებები საკურორტო ქალაქ ალანიაშიც, სადაც დაწვეს რამდენიმე ღამის კლუბი და რესტორანი.

ქურთების მხარდამჭერი პარტიის ლიდერი, სელაჰათთინ დემირტაში თურქეთის მმართველ გუნდს ნაციონალისტების ძალადობისკენ წაქეზებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში სამოქალაქო ომის გამოწვევას ცდილობს.

გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება სამოქალაქო ომში და რა ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა.

- თურქეთში მიმდინარე დაპირისპირება რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის?

- პირველ რიგში საფრთხე უფრო მეტად ემუქრებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მუშაობენ თურქეთში ან ისვენებენ თურქეთის კურორტებზე. ვინაიდან არავინ იცის როდის და სად შეიძლება მოხდეს მორიგი ტერორისტული თავდასხმა. ამასთან, როდესაც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა, საფრთხე იზრდება მის გარშემო არსებულ ყველა მეზობელ სახელმწიფოში.

- რამდენად არის თურქეთში სამოქალაქო ომის საფრთხე?

- არ მგონია, რომ დღეს ამ დონეზე იყოს საუბარი. სამოქალაქო ომი ცოტა რთული საკითხია.

- რა არის ქურთების მთავარი მოთხოვნა?

- ქურთების და თურქეთის პრობლემას და დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ქურთები ითხოვენ იმ ტერიტორიების ავტონომიას, რომელიც თურქეთის შემადგენლობაშია. ათეული წლების განმავლობაში ქურთული სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგი იყო არამხოლოდ თურქეთი, არამედ სირია და ერაყიც. დღეს სირიაში ფაქტობრივად, სამოქალაქო ომია. ერაყი, როგორც სახელმწიფო, თითქმის ვეღარ აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს. რჩება თურქეთი. ბუნებრივია, ქურთების მოთხოვნები და სურვილები გაიზარდა, მაგრამ თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ქურთების სახელმწიფოს შექმნა.

უკვე ერთი წელზე მეტია, რეგიონში გააქტიურდა "ისლამური სახელმწიფო", განსაკუთრებით სირიაში. მანამდე სირიის სამთავრობო ძალები მხოლოდ ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძოდა. დღეს სირიაში მიმდინარე ოპერაციებში თურქეთი და სხვა ქვეყნებიც ჩაერთნენ.

- რეალურად, ვინ ვის წინააღმდეგ იბრძვის?

- ძალიან უცნაური სიტუაციაა შექმნილი რეგიონში. ერთი მხრივ თურქეთი ებრძვის როგორც "ისლამურ სახელმწიფოს", ისე ქურთებს, ასევე ბაშარ ასადის ხელისუფლებას. ქურთები ებრძვიან "ისლამურ სახელმწიფოს" და ბაშარ ასადის ხელისუფლებას. რუსეთი ებრძვის ან უნდა იბრძოლოს "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ, და ამასთან მხარს უჭერს ბაშარ ასადის ხელისუფლებას. ის მხარს უჭერს ასევე ქურთებსაც.

- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ტექნიკას გზავნის, რა ინტერესები აქვს რუსეთს?

- რუსეთი, პირველ რიგში აძლიერებს ბაშარ ასადის ხელისუფლებას. ამასთან ის აცხადებს, რომ აპირებს შექმნას კოალიცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ვერც ნატო და ვერც აშშ ვერ იქნება წინააღმდეგი და ვერ იტყვის, რატომ იბრძვის რუსეთის "ისლამური სახელმწიფოს" წინაამდეგო. მაგრამ რუსეთმა თუ ბაშარ ასადის ხელისუფლება გააძლიერა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ეცდება ასადის ხელისუფლების დიდხანს შენარჩუნებას, რაც ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს.

- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის გააქტიურებას ხომ არ შეიძლება ჰქონდეს ფარული ზრახვები?

- რუსეთი ცდილობს გავლენის გაზრდას რეგიონში. ირანს, სირიას, რუსეთს და სომხეთს შორის ერთგვარი კავშირი იქმნება. სომხეთს ირანთან აქვს საზღვარი. ირანს ერაყთან, სირიაც იქვეა. რუსეთის ინტერესებში შედის სახმელეთო დერეფნის საქართველოზე გაჭრა, რათა ტექნიკა, რომელიც მას გააქვს საჰაერო ან საზღვაო გზით, გაუშვას ის სახმელეთო გზით. რუსეთიდან გაიტანენ ვთქვათ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით, შემდეგ ან თბილისზე ან ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქის გზით სომხეთში, მერე ირანში, და მერე პირდაპირ სირიაში.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა