თბილისში ხვალ ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
"გახსნის ცერემონიალი მოიცავს ოფიციალურ და შოუს ნაწილს. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ. სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს", _ აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში.
ამასთან, მიმართავენ მოსახლეობას, გაითვალისწინონ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
მათივე ინფორმაციით, 27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.