თვითმკვლელობა, იგივე სუიციდი ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეკლესია შეიძლება შემწყნარებელი იყოს მის მიმართ. სუიციდზე, მის გამომწვევ პრობლემებზე და ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებაზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.
-ეკლესიის ენაზე შეიძლება ითქვას, რომ სუიციდი მეექვსე მცნების დარღვევაა- არა კაც კლა. როცა ადამიანი სიცოცხლეს საკუთარი ნებით მოისწრაფავს, ეს ღვთის წინაშე ამბოხია. ეკლესიური სწავლებით, სუიციდის დედა არის სასოწარკვეთილება ანუ უიმედობა, როცა ადამიანს აღარც ღმერთის შემწეობის სჯერა და აღარც მოყვასის.
-ამ მდგომარეობაში ყველაზე ხშირად ვინ ვარდება?
-პატივმოყვარე და ამპარტავანი ხალხი. ამპარტავნება არის მდგომარეობა, როცა ადამიანს მთელი ყურადღება საკუთარ თავზე აქვს გადატანილი და როდესაც ამქვეყნიური რელობა მას გარკვეულ პრობლემებს მოუვლენს, აღარ შეუძლია ვინმეს მიმართოს. ღმერთის არსებობას არ აღიარებს, ან თუ აღიარებს არ სჯერა, რომ ღმერთი დაეხმარება.
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ამბობენ, რომ სუიციდის ცოდვა სათავეს დეპრესიიდან, ნერვოზიდან იღებს, ხოლო დეპრესიის სათავე უმადურობაა, როცა ადამიანი ჯანმრთელია და თავის მოკვლას აპირებს, მაშინ უნდა დაფიქრდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მასზე მძიმე მდგომარეობაშია - სარეცელს არის მიჯაჭვული ან საპყრობილეშია, ამ დროს კი საღ-სალამათი ადამიანი იარაღს იღებს და თავს იკლავს.
-რა სიმპტომები აქვს სუიციდს?
-ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა, როცა ადამიანი უმადურია და უკმაყოფილებას გამოხატავს, არაფერი მოსწონს, არაფერი ახარებს, მისთვის ყველაფერი სულერთია. განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებზე უნდა გავამახვილოთ, მათზე, ვინც მაგალითად თავს არ უვლის, ლოგინიდან არ დგება, უკონტაქტოა, ამ შემთხვევაში სასურველია ფსიქოლოგს ან მოძღვარს მივმართოთ.
არის შემთხვევები, როცა ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ მოძღვართან მიდის, ის კი კვეთებულის ლოცვებს უკითხავს, ამ დროს შეიძლება ადამიანს სულაც არ სჭირდებოდეს ეს ლოცვები და საჭირო იყოს ფსიქოლოგთან გასაუბრება. პირიქითაც ხდება, როცა ადამიანი სულიერად დაავადებულია და მოძღვარი სჭირდება, ფსიქიატრი კი წამლებით ჭყიპავს, ამ დროს საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა, რომ ჩვენ ადამიანი უფრო მძიმე მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ.
საეკლესიო სწავლებით ადამიანი თავისი ბუნებით ტრიქოტონომიურია, ანუ სამი ნაწილისგან შედგება - სული, სამშვინველი და სხეული. ღმერთმა ყველასთვის მკურნალი გააჩინა. სულის მკურნალი სულიერი მოძღვარია, სამშვინელის მკურნალი არის ფსიქოლოგი, ხოლო ხორცის მკურნალი ექიმია.
-ვის შეუნდობს ეკლესია თვითმკვლელობის მიუტევებელ ცოდვას?
-როცა ადამიანი სუიციდს საღ გონებაზე ჩადის, მას ეს ქმედება ცოდვად ეთვლება, მაგრამ თუ ფსიქოლოგი დაასკვნის, რომ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ავად იყო და მკურნალობდა, ეს უკვე ცოდვად აღარ ეთვლება, თუმცა ბუნებრივია აქამდეც ცოდვამ მიიყვანა. ეკლესია წესს არ აგებს, ანუ შენდობის ლოცვებს არ უკითხავს იმ ადამიანს, ვინც ეს ქმედება გამიზნულად ჩაიდინა, რადგან ეკლესიური სწავლებით ეს ქმედება სულიწმინდის გმობაა.
-რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა?
-როდესაც ქრისტემ ლაზარე აღადგინა, ეს აშკარად სულიწმინდის მოქმედება იყო და როცა ეს იუდეველებმა დაინახეს, ქრისტეს ჯვარცმა და ლაზარეს სიკვდილი მოინდომეს. ლაზარესი იმიტომ, რომ ის ცოცხალი მაგალითი იყო სულიწმინდის მოქმედების და ღმერთის ძლიერების. ვინც ხილული სასწაულების წინააღმდეგ მკრეხელობას გამოიჩენს, ეს სულიწმინდის გმობაა.
თვითმკვლელობის ცოდვაზე იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ არ ვილოცოთ, ქრისტე კი ამბობს, რომ ასეთ ადამიანს არც ამ ქვეყანაში მიეტევება და არც იმ ქვეყნად. არავის ეგონოს, რომ ეკლესია ამ ცოდვას ცივად უდგება და მარტო იმით შემოიფარგლება, წესი აუგოს თუ არა ადამიანს. ჩვენ ადამიანს ყურადღება იქამდე უნდა მივაქციოთ, სანამ თავს მოიკლავს. როცა შევატყობთ, რომ ცუდად არის, მაშინაა საჭირო ფსიქოლოგის ან მოძღვრის ჩარევა. ხშირად როცა ფსიქიატრს ვახსნებთ, გვეცინება და მასთან ურთიერთობა გვერიდება, ამ დროს კი კარგი ფსიქიატრი ადამიანს დახმარებას აღმოუჩენს.
ასევე უნდა ვიცოდეთ, ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა მძიმე ცოდვა არის ინექცია ჩვენს გენეტიკაში. თუ ჩვენმა უახლოესმა წინაპარმა ეს ცოდვა ჩაიდინა, იმას არ ნიშნავს, რომ მისი ცოდვა მოგვეკითხება ან ჩვენზე გადმოვა, უბრალოდ ამის მიდრეკილება გადმოვა, ანუ თუ ბაბუა სვამდა და ლოთობდა, გარკვეული მიდრეკილება ჩვენშიც იქნება. უნდა ვიცოდეთ, გენეტიკა რა ცოდვებისკენ არის მიდრეკილი და ამით დავიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი თაობაც.
-სუიციდის დროს ახლობლებს თუ შეუძლიათ ამ ადამიანის სულისათვის ლოცვა?
-თანამედროვე რეალობაში ამ ცოდვის ჩადენის შემდეგ ახლობლები ძირითადად საპატრიარქოში მოდიან და წესის აგებას თხოულობენ, რა თქმა უნდა, ეს კარგია და აუცილებელი, მაგრამ ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. სასურველია ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ასეთ ადამიანებს ყურადღება მანამდე მიაქციონ.
გახშირებული პრაქტიკით, ვისაც ფსიქიკური გადახრები აქვს, მათ მეგობრები დასცინიან, ამის გამო კი ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან და თავიანთი პრობლემების გაზიარება უჭირთ, ამ დროს კი ნოდარ დუმბაძე ამბობდა, რომ ერთი ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ მარტო ტარება უჭირს და ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთო, სულიერი მოძღვარიც ამიტომ არის საჭირო. მარხვის მერე ჩამოწერილი ცოდვებით მოძღვართან მისვლა იმას არ ნიშნავს, რომ შენ სულიერი მოძღვარი გყავს. მან შენი სულიერი მდგომარეობა კარგად უნდა იცოდეს, რომ გიმკურნალოს, დაგეხმაროს.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE