ყოველი გავლებული მავთულხლართი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის და ბუნებრივია, ჩემთვის პირადად, თითოეული აღმართული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ისტორიულ სამართლებრივ უსამართლობას ჩვენს ტერიტორიაზე, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, ყოველი გავლებული მავთულხლართი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მიუღებელი იყო, მიუღებელი არის და იქნება მომავალშიც. ჩვენ გვტკივა თითოეული ასეთი ფაქტი. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, ამ რთულ ვითარებაში ჩვენ შევინარჩუნოთ კარდინალური ხაზი, სტრატეგიული ხაზი და არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი. ამ პასუხს გააჩნია რამდენიმე კომპონენტი. პირველი არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს – ჩვენ დღეს ფაქტობრივად ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ზურგს უმაგრებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, აგრძელებს ჩვენს ხაზს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ ჩერდება და არ აჩერებს თავის განვითარებას, არამედ ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში; კიდევ უფრო მეტ ქვეყანას აზიისა და ევროპის კონტინენტზე აკავშირებს ერთმანეთთან და ხდება ქვეყანა, რომლის სტაბილურობა, განვითარება და სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის როგორც აზიაში, ისე ევროპაში; დაბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოების კონსოლიდაციას იმ ღირებულების ირგვლივ, რასაც ჰქვია სიმშვიდე. ამ ვითარების მშვიდი გადაწყვეტა, ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია, არამედ ერის და ქვეყნის გაერთიანება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ყოველივე ეს შედეგად მოგვცემს წარმატებას და გამარჯვებას, ვინაიდან საქართველო არის და მომავალში გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს ევროპასა და აზიას თანამშრომლობის თვალსაზრისით.