"ცუდ რაღაცებს ჩადიხართ": ვინ ლობირებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას - ვიდეომიმართვა სირიიდან ქართველებს და შს მინისტრის კომენტარი

"ცუდ რაღაცებს ჩადიხართ": ვინ ლობირებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას -  ვიდეომიმართვა სირიიდან ქართველებს და შს მინისტრის კომენტარი

პანკისიდან სირიაში მეომრების გამზავრების შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" სკანდალური მასალა გამოაქვეყნა. ეს არის ჩვენება, რომელიც გამოძიებას მთავარმა მოწმემ გიორგი ბორჩაშვილმა მისცა და ასევე კონფიდენციალური წყაროს მიწოდებული ინფორმაცია. საქმე, ძირითადად, სირიაში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების გამგზავრებას ეხება. "კახეთის სანიფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მაღალჩინოსნებზე ლაპარაკობს. გელა მთივლიშვილი ყვება, რომ პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კონფიდენციალური მასალა მიაწოდა, საიდანაც ირკვევა რომ პანკისიდან 2 სკოლის მოსწავლის სირიაში საბრძოლველად წასვლის თაობაზე საქმის კურსში იყვნენ შსს-ს კონტრერორისტული ცენტრის ხელმძღვანელები და პირადად ცენტრის დირექტორი.

გელა მთივლიშვილი მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგო ბორჩაშვილი კონტრეტორისტულ ცენტრთან რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდა.

"საქმის კურსში იყო კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე. კონტრეტორისტული ცენტრისთვის ცნობილი იყო, რომ იგეგმებოდა სკოლის მოსწავლე ბავშვების გაგზავნა სირიაში და ეს ინფორმაცია კონტრეტორისტულ ცენტრს ჰქონდა მანამდე, ვიდრე მოხდებოდა მათი გამგზავრება. პირადად ჩიმაკაძე არერთხელ შეხვედრია პანკისის ხეობაში ამ საკითხების ირგვლივ სასაუბროდ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ბორჩაშვილს...

"კონტრეორისტულმა ცენტრმა ეს უნდა აღკვეთოს დროულად და არ უნდა დაელოდოს ახალი დანაშაულების ჩადენას", - აცხადებს გელა მთივლიშვილი "კურიერთან" საუბარში.

აიუფ ბორჩაშვილი პანკისის ხეობის ყოფილი იმამია, რომელიც შსს-მ სკოლის მოსწავლეების სირიაში საბრძოლველად გამგზავრების ბრალდებით სპეცოპერაციისას ერთი თვის წინ აიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დააგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელია საქართველოში და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაეებს იბირებდა.

იმაში, რომ სკოლის მოსწავლეების მიერ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთი მესაზღვრის დაუდევრობის ბრალი არ იყო, დარწმუნებულნი არიან ხეობაში.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლს, მექა ხანგოშვილს არ აქვს ინფორმაცია, იცოდნენ თუ არა მოსწავლეების გეგმის შესახებ შსს-ს მაღალჩინოსნებმა. თუმცა ეჭვს უჩენს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი საზღვარზე უპრობლემოდ გაატარეს.

"საქართველოს მოქალაქე ქისტი, როდესაც საქართველოს საზღვარს კვეთს, საათობით ხდება ამ ადამიანების გადამოწმება და არასრულწლოვანი ბავშვის სკოლის მერხიდან, მშობლების ნებართვის გარეშე საზღვარზე გაშვება ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს", - აცხადებს "რუსთავი 2"-თან საუბარში მექა ხანგოშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დღეს სირიაში მყოფი პანკისიადან წასული ახალგაზრდების მიმართვებიც გაავრცელა. ვიდეოში მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ჩანან, რომლებიც ყოფილი იმამის დაკავებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში მოსახვედრად არავინ დახმარებიათ.

"ჩვენ გავიგეთ, რომ იქ რაღაც ინფორმაციის საფუძველზე დაიჭირეს და აწვალებდნენ ერთ მუსლიმ ძმას. მადლობა ღმერთს, ის ჩემი და ყველა მუსლიმის ძმაა. ძალიან ცუდ რაღაცებს ჩადიხართ. მისი დაჭერის მიზეზი ყოფილა ხალხი გადაჰყავსო, თქვენ ის ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეთ, გეფიცებით, ვინც ამ გზაზე გამოგვიშვა, არის ღმერთი და ნურავის სდებთ ბრალს და ნუ უქმნით ხალხს პრობლემებს", - აცხადებენ ახალგარდზები.

ვიდეოს შემდეგ მშობლები ზედმეტ საუბარს ერიდებიან.

ამინათ წინწალაშვილი, მუსლიმ კუშტანაშვილის დედა:

- ჩვენ თვითონ ჩამოვედით, სხვებს ნუ აბრალებთო. თვითონ კი ვერ წავიდოდა ეგ ნაღდად ვიცი. თბილისში არ იყო ნამყოფი.

თინა ალხანაშვილი, რამზან ბაღაკაშვილის დედა:

- სკოლაში მიდიოდა ბავშვი და იქედან სად მიდიოდა და სად არა, ეგ უკვე აღარ ვიცი.

ახალგზარდების სირიაში წასვლის ორგანიზებაში აიუფ ბორჩაშვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულის დედა. მარიამ ბორჩაშვილის განმარტებით, მის შვილს ახალგაზრდები თავად აკითხავდნენ და სირიაში გადასვლაში დახმარებას თხოვდნენ.

მარიამ ბორჩაშვილი:

- ის თურმე აბრალდებს ჩემს შილს სირიაში ბიჭების გაგზავნას. ამაში ჩემს შვილს არავითარი ბრალი არა აქვს. ტყუილად აბრალებს.

აიუფ ბორჩაშვილთან ერთად შსს-მ ერთი თვის წინ თბილისში მაცხოვრებელი საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავა. საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 5 აგვისტოს გაიმართება.

თემაზე "კურიერთან" კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა. მინისტრი უარყოფს, რომ მსგავსი ინფორმაცია ჰქონდათ კონტრეტორისტული ცენტრის მაღალჩინოსნებს, რომ ჰქონოდათ, ისინი მოახდენდნენ რეაგირებას და მოსწავლეებს საზღვარზე არ გაუშვებდნენ.

"მე ადრეც განვაცხადე, რომ არაერთხელ იყო მობრუნებული საზღვრიდან ჩვენი მოქალაქე, პანკისის მაცხოვრებელი, მისი მშობლების იქ მიკითხვით და წამოყვანით. აქედან გამომდინარე, რომ გვცოდნოდა, ეს ადამიანები იქ მიდიოდნენ, დაზუსტებული ინფომრცია რომ გვქონოდა, შევაფერხებდით, მითუმეტეს არასრულწლოვანს არ გავუშვებდით. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ამ ფაქტს, ეს არასწორი ინფორმაციაა", - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება გელა მთივლიშვილის მიერ დასახელებულ ირაკლი ჩიმაკაძეს, მან თემასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ