დავით ზურაბიშვილი კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
"სანამ იმ გოგოს ვიდეო გავრცელდებოდა, მანამდე ვიცოდი, იქ რაც მოხდა. ეს შეიძლება რაღაცეებს აჯაზებს, მაგრამ საკმაოდ სანდო თვითმხილველისგან ვიცი, რომ იქ პოლიცია, რბილად რომ ვთქვა, ცუდად იქცეოდა....მთავარია თავად ცემის ფაქტი. მასე გირგვლიანზეც ამბობდნენ, რატომ აგინებდა სუფრაზე იმ ხალხსო. ცხადია, ეს შეუდარებლად მსუბუქი შემთხვევაა, მაგრამ არსობრივად იგივეა. ერთხელ და ორჯერ რომ დაიცავს სახელმწიფო დამნაშავეს შედარებით მსუბუქ საქმეზე, მერე ის აუცილებლად ჩაიდენს უფრო მძიმე დანაშაულს. ლავუაზიეს კანონია", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი პატრულს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. თუმცა, მათ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, გოგონას ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.