პარტნიორები:

    არასრულწლოვანი მრევლი მეუფეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს: "სიჩუმე დანაშაულად მივიჩნიე, რადგან მიმაჩნია, რომ დედა ეკლესიის წევრი ვარ"

    არასრულწლოვანი მრევლი მეუფეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს: "სიჩუმე დანაშაულად მივიჩნიე, რადგან მიმაჩნია, რომ დედა ეკლესიის წევრი ვარ"

    ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ყვარლის მკვიდრი ნ. გ. (პირი არასრულწლოვანია და რედაქცია არ აქვეყნებს მის სახელსა და გვარს) მეუფე სერგის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ჩვენ დავუკავშირდით ნ.გ.-ს და კომენტარი ვთხოვეთ.

    - დიდხანს ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. ვფრთხილობდი, სხვა ადამიანები არ დამებრკოლებინა ხმის ამოღებით, მაგრამ სიჩუმე დანაშაულად მივიჩნიე, რადგან მიმაჩნია, რომ დედა ეკლესიის წევრი ვარ.

    ყოველთვის თავმადბლობით ვემორჩილებოდი წმინდა სინოდისა და უწმინდესის განჩინებებს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 19 მაისს, ყვარლის პირველი საჯარო სკოლის, ჩემი და იმ ადამიანთა ორგანიზებით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია "ენა, მამული, სარწმუნოება", ყვარელში გაიმართა სასულიერო პირთა პოეზიის საღამო  - "ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები, რომლებიც ლექსს წერენ: მამა პეტრე (კვარაცხელია), მამა თავმასი (ჩოხელი) და დეკანოზი ბენიამენი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აწ გარდაცვლილი მეუფე თადეოზის ოჯახი და აგრეთვე გარდაცვლილი მამა დავითის (გრიგალაშვილი) ოჯახი. ღონისძიება ჩატარდა ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის კურთხევით და ბუნებრივია, ისიც მოწვეული იყო და დაესწრო კიდეც, თუმცა მხოლოდ ნაწილს. საღამომ განსაკუთრებული მოწონება და შეფასება დაიმსახურა, ამიტომაც მივეცი თავს უფლება, რომ ეს ღონისძიება Youtube -ზე ამეტვირთა. რამდენიმე დღის შემდეგ გადმომცეს მეუფის დანაბარები: სასჯელი საკურთხეველში მსახურების აკრძალვის შესახებ, ზემოთ ხსენებული ღონისძიების ვიდეო-კადრების ინტერნეტში გამოქვეყნების გამო.

    - რამე იყო ამ ვიდეო-კადრებში ისეთი, რამაც მეუფის გაღიზიანება გამოიწვია?

    - ჩემთვის მაშინვე ბუნდოვანი იყო მიზეზი, თუმცა როგორც ქრისტიანს შეეფერება, რადგანაც კურთხევის გარეშე ავტვირთე, მეუფეს სასჯელი მივიღე მორჩილებით და თავმდაბლობით. ამის მერე ვცადე მეუფესთან შეხვედრა შენდობის სათხოვნელად. არაერთხელ დავუკავშირდი მის მსახურს, რომელმაც მითხრა, რომ მეუფე არ იმყოფებოდა რეზიდენციაში და დამპირდა, რომ ჩემს სინანულს მეუფეს გადასცემდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ ვცადე მეუფესთან შეხვედრა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

    7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწულზე ჩემს მეგობართან ერთად ვესწრებოდი სადღესასწაულო მსახურებას. წირვის დასრულების შემდეგ მობრძანდა მეუფე სერგი და აღავლინა პარაკლისი. პარაკლისის დასრულებისას, ამბიონზე ლოცვის დროს შეამჩნია ჩემი იქ ყოფნა, გაწყვიტა მსახურება და ყველას თვალწინ, ამბიონიდან მომმართა. შემახსენა, რომ სოციალური ქსელების გამოყენებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ამიკრძალა საკურთხეველში მსახურება. ყვირილითა და უხეში ფორმებით მიმითითა და მაიძულა ტაძრის დატოვება. მიწოდა შემოგზავნილი და თავხედი.

    - როგორ ფიქრობ, რატომ გაღიზიანდა მეუფე?

    - მოგეხსენებათ, როცა ხარ აქტიური ახალგაზრდა, გებრძვიან და როგორც ჩანს მეუფესთან არასწორად მიიტანეს ინფორმაცია. ასევე, არ არის გამორიცხული, იმიტომაც იყო მეუფე გაღიზიანებული, რომ მას აქვს სკოლა და რამდენჯერმე მთხოვეს ამ სკოლაში გადასვლა, მაგრამ უარი ვუთხარი. სამწუხაროა, რომ მე არ ვარ პირველი,  ვისაც ასე მოექცა მეუფე. როგორც მითხრეს, ადრეც ყოფილა მსგავსი ფაქტები.

    - ამ ფაქტის შემდეგ ხომ არ შეცვლილა შენი დამოკიდებულება, თავს ისევ დედა-ეკლესიის წევრად მიიჩნევ?

    - რა არის ეკლესიის დანიშნულება დედამიწაზე? - როგორც ვიცი, ცოდვილთა მოქცევა და ადამიანების სწორ გზაზე დაყენება და არა ადამიანების ტაძრიდან გაყრა; მით უმეტეს, უდანაშაულოსი. აღვნიშნავ, რომ საქმე მეხება არასრულწლოვან მოზარდს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტი ძალიან ცუდად იმოქმედებდა ნებისმიერ ზრდასრულზეც. რატომ არ იფიქრა მეუფემ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ასეთ ქმედებას ხალხის წინაშე?! რატომ არ იფიქრა, იქნებ მქონდა ისეთი ფსიქიკა, რომ განერვიულებული ვერ შევიკავებდი თავს და დავუშავებდი რამეს სხვას ან ჩემს თავს?! ვინ აიღებდა შემდეგ პასუხისმგებლობას?! ასევე მოგმართავთ შემდეგი კითხვით: აქვს თუ არა უფლება მღვდელმთავარს ტაძრიდან გააძევოს ადამიანი? (თუნდაც დამნაშავე, ან ცოდვილი). მე მოძღვარი მყავს თბილისში და იქ გავაგრძელებ ეკლესიაში სიარულს.

    - აღარ გიცდია მეუფესთან შეხვედრა და სიტუაციის გაგება?

    - არ მიცდია, რადგან მანადეც, სანამ ეს ინციდენტი მოხდებოდა, რამდენჯერმე ვცადე მასთან შეხვედრა, მაგრამ ვერცერთხელ მოვახერხე და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

    P.S. სამწუხაროდ, AMBEBI.GE-მ მეორე მხარესთან ვერ მოახერხა დაკავშირება და სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, მათი კომენტარი გამოვაქვეყნოთ.

    ლადო გოგოლაძე

    AMBEBI.GE

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია