იოსებიძის ქუჩა #47-ში მდებარე სკვერში დაჭრილი ვალერიან კაციაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ევგენი ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცს სამი გამჭოლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
"ჩაუტარდა ოპერაცია. სიცოცხლისთვის საშიში არაფერია", - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა.
იოსებიძის ქუჩა #47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 23.00 საათზე დაჭრეს. თვითმხილველის თქმით, დანაშაულში ჯერჯერობით დაუდგენელი ორი პირი ფიგურირებს. ვალერიან კაციაშვილს სამი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ. დაჭრილი საავადმყოფოში ახლობლებმა თავიანთი მანქანით გადაიყვანეს. ვალერი კაციაშვილი ამავე უბნის მცხოვრებია.
შემთხვევის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.