უკვე 15 წელზე მეტია, არმინ ვან ბიურენი ყველაზე პრესტიჟულ გამოკითხვებში, რომლებიც ელექტრონული მუსიკის სამყაროში ტარდება, პოზიციებს ინარჩუნებს. ხუთჯერ გახდა Dj Mag Top 100-ის პირველი ადგილის მფლობელი.
ვან ბიურენი ტრანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია მსოფლიოში, გამოცემული აქვს ხუთი სტუდიური ალბომი, მისი ერთ-ერთი კომპოზიცია „ჰეინიკენის“ რეკლამაში გამოიყენეს, წარდგენილი იყო „გრემიზე“ და უამრავი მუსიკალური ჯილდო აქვს აღებული.
როგორ იწყებოდა ყველაფერი? არმინ ვან ბიურენი ჰოლანდიაში 1976 წლის 25 დეკემბერს დაიბადა, პატარაობიდან აინტერესებდა მუსიკა და ყველაფერი, რაც მის შექმნას უკავშირდებოდა. 10 წლისას გაუმართლა, როდესაც დედამ კომპიუტერი მოიგო. „პატარაობიდან დავიწყე საკუთარი პროგრამების წერა და ტექნოლოგიებში გარკვევა“, ბიძამ კი დაანახა, რომ კომპიუტერით უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. „საცეკვაო მუსიკა პირველი მოსმენისთანავე შემიყვარდა. ის არ გავდა იმ „ლამაზ“ სიმღერებს, რაც იქამდე მქონდა მოსმენილი“,- იხსენებდა მოგვიანებით არტისტი.
სხვათა შორის, პროფესიით იურისტია, თუმცა მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული და ვნება მაინც მუსიკაა. „მგონია, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა ტრანსის, როგორც ჟანრის პოპულარიზაცია და მინდა, ნებისმიერი გზით შევუწყო ხელი მის განვითარებას. მუსიკამ უნდა დაგვაკავშიროს ერთმანეთს. სანამ ის განვითარებას განაგრძობს, ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ დავამუხრუჭო...“
არმინ ვან ბიურენის მოსმენის შესაძლებლობა ანაკლიაში 31 ივლისს გვექნება. სხვათა შორის, 9-დღიანი ფესტივალი, რომელიც 30 ივლისს გაიხსნება, კიდევ მრავალ სიურპრიზს გვპირდება. სანამ სრული ლაინ-აფი გაცხადდება, მეტი ინფოს ნახვა ფესტივალის ოფიციალურ საიტზე gem-fest.com შეგიძლიათ. მანამდე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შემოთავაზებით და ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალჯერადად შესასვლელი მულტი-პასი ძალიან იაფად, 99 ლარად შეიძინოთ.
gem fest-ის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია Ambebi.ge