შეიძლებოდა თუ არა წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ მოსახლეობის გაფრთხილება, რითაც ტრაგიკულ შედეგებს ავიცილებდით თავიდან, ან ისწავლა თუ არა ხელისუფლებამ ჭკუა გამოცდილების საფუძველზე და როგორ აპირებენ თბილისის დაცვას, თუ სტიქიამ კიდევ შემოგვიტია? - ამ კითხვებზე "კვირის პალიტრას" გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა უპასუხა.
- ვერეს ხეობის ტერიტორია აგებულია ეროზიული და მეწყრულად ძალიან დამყოლი ქანებით, რომლის მდგომარეობაც 13 ივნისს ღამით მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგად მივიღეთ 60 მეწყერი, მათ შორის მთავარი წყნეთი-ბეთანიისა და ბეთანია-ახალდაბის გზაზე ჩამოწვა. თავიდან კლდოვანი მასა ჩამოიშალა, კილომეტრის გავლის შემდეგ, წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთიდან კი გადავიდა ღვარცოფულ ნაკადში. მეწყრის საერთო ფართობი 32 ჰა-ს შეადგენს, სადაც გაშენებული იყო ტყის მასივი. ეს მასივიც ჩაითრია და 3, 8 კმ-ის გავლის შემდეგ მდინარე ვერეს შეუერთდა. ეს არ ყოფილა მდინარის ჩაკეტვის კლასიკური შემთხვევა, ანუ წყალს ფაქტობრივად, წუთითაც არ შეუწყვეტია დინება, მომენტალურად შეჩერდა და იმ წუთშივე დაიძრა ქალაქისკენ.
- 60 მეწყერი უშუალოდ ვერეს ხეობაში ჩამოვიდა?
- დიახ. ვერეს ყოველი შენაკადი ღვარცოფწარმოქმნადი ხევია. აი, სწორედ ამ ხევებში ჩამოწვა მეწყრები. წყალი და მიწა ქალაქისკენ წამოვიდა, რასაც დაემატა დიდი რაოდენობით ხეტყე, რაც საბოლოოდ ქალაქის ზონაში მოხვდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სტიქიური შემოტევა. განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან ამ პატარა უბანში და თანაც უმოკლეს პერიოდში ერთდროულად განვითარდა 9 ტიპის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი: მეწყერი, კლდეზვავი, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, მდინარის ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა და დატბორვა, სეტყვაც კი მოვიდა.
ასეთ თანხვედრილობას მხცოვანი ხალხიც ვერ იხსენებს. მდინარის აუზში წამში 470 კუბმეტრმა წყლის ნაკადმა გაიარა. არ ვიცით, რა რაოდენობის ხის მასალა შევიდა მდინარეში.
იხილეთ გაგრძელება