მილანური "არდადეგები" ანუ ფილიპინების ქართველი წარმომადგენლის უცხოური შთაბეჭდილება

მილანური "არდადეგები" ანუ ფილიპინების ქართველი წარმომადგენლის უცხოური შთაბეჭდილება

იტალიის ქალაქი მილანი "ნიუ-იორკ თაიმსმა" პირველ ქალაქად აღიარა, რომელსაც 2015 წელს უნდა ვესტუმროთ. რატომ - მილანი? "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ წარმოდგენილი მიზეზები მისმა მკითხველებმა იციან.

მე კი ჩემ მიერ დანახულ, მოდის დედაქალაქად წოდებულ ქალაქზე მოგიყვებით.

"ნიუ-იორკ თაიმსის" რჩევა გავითვალისწინე და მილანში ჩემი ვოიაჟი ამის გამო დავგეგმე-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. მილანში როგორც გაეროს ახალგაზრდული მოდელირების დელეგატი, ისე ჩავედი. თუმცა, მონიჭებული მქონდა არა - საქართველოს, არამედ ფილიპინების წარმომადგენლის სახელი - ეს მსგავსი ღონისძიებების წესია.

მილანი 2015 წელს ყველაზე მეტად "ექსპოს" გამო იტვირთება. ეს წლის ყველაზე გრანდიოზული გამოფენაა, ძირითადად - კერძების. "ექსპოს" ახალგახსნილ პავილიონებს უფასოდ ვსტუმრობდით და მხოლოდ ამ დღეს დაემთხვა ცუდი ამინდი - ქარი და წვიმა, მაგრამ გამოფენით მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსული, უამრავი ადამიანი იყო დაინტერესებული. მილანისთვის ეს დიდი ეკონომიკური წინსვლის გარანტი გახდა. გამოფენა ოქტომბრამდე გრძელდება. პირველ დღეებში შესასვლელ რიგში დგომა ხალხს 2 საათზე მეტ ხანს უხდებოდა. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი ღირსშესანიშნავია "ექსპო"...

პირველი, რაც მილანში მომეწონა, ამინდი იყო. თბილისში ქარი და წვიმა ზამთრიდან მოყოლებული მაისის ბოლომდე გაგრძელდა, ამიტომ გაყინული ჩავჯექი თვითმფრინავში, რამდენიმე საათში კი, ვიტყოდი, მეტისმეტ სიცხეში ჩასვლა. ბუნებრივია, როცა 19 წლისა პირველად სტუმრობ უცხოეთს და ისიც - მარტო, დიდია შანსი, საფრთხე და სხვათა შორის, მოლოდინიც, რომ დაიკარგები. ალბათ, ევროპის სხვა ქალაქებშიც ასე იქნება და ამით მილანს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მილანში დაკარგვა თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ ყველაზე დაბალი დონის ინგლისურით მაინც ახერხებ საუბარს, ნებისმიერი გამვლელი დიდი მონდომებით დაგეხმარება, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ყოველი 5 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გხვდება ბანერები რუკებითა და წარწერებით.

მილანის სიმბოლო პიაცა დუომო - ტაძრის მოედანია, ამიტომ პირველი, რაც იქ უნდა ნახო, სწორედ ეს მოედანი და საკათედრო ტაძარია. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას კათედრალი პირველ წამებში ახდენს. ის ბევრად დიდი მოცულობისაა, ვიდრე ფოტოებზე ჩანს. სახურავზე ასვლისთვის ბილეთის შეძენაა საჭირო. არსებობს ორი ბილეთი: ფეხით და ლიფტით ასავლელი. ლიფტს თუ აირჩევ, მხოლოდ პირველ სართულამდე ადიხარ, შემდეგ მაინც ფეხით გიწევს სიარული. დუომოს სახურავიდან მთელი მილანის დანახვაა შესაძლებელი. ცათამბჯენების უკან ხანდახან თურმე ალპების იტალიური ნაწილიც კი ჩანს, რომლის დანახვაც, ალბათ ნისლის გამო, მე ვერ შევძელი... მილანის საკათედრო ტაძრის სახურავიდან ადვილია იმის შემჩნევა, რომ ტაძრის ყოველი სვეტი სკულპტურით ბოლოვდება. კედლებიც ქანდაკებებითაა სავსე. ტაძრის ცენტრში და ყველაზე მაღლა ღვთისმშობლის ოქროს ქანდაკებაა, მას იტალიელები "მადონას" უწოდებენ.

კათედრალიდან ორ გაჩერებაში ქალაქში ყველაზე დიდი პარკი, პარკო ზემპიონეა. შესანიშნავი ადგილია ველოსიპედით სეირნობისთვის ან სარბენად, ასევე, ხშირად ასეირნებენ ძაღლებს, კითხულობენ წიგნებს (ისე, იტალიელებისთვის შუა ქალაქში სირბილიც არ წარმოადგენს უხერხულობას). ზემპიონეში რამდენიმე ღამის კლუბიცაა. ჩემი ყურადღება ასევე მიიქცია მეტროს ე.წ. "სან ბაბილას" გაჩერებამ, სადაც ჩამწკრივებულია უამრავი ძვირად ღირებული (ძირითადად - სამოსის) მაღაზია და ძვირფასი რესტორნები. ეს არის

ერთადერთი ადგილი, სადაც კითხვაზე, - რა მიმართულებით უნდა წავიდე ამა და ამ ადგილზე მოსახვედრად, რამდენიმე ადამიანმა ის პასუხიც არ გამცა, რომ "არ იცის". პასუხის ღირსად საერთოდ არ ჩამთვალა. ბუნებრივია, ვიფიქრე, რომ აქ ქალაქის ყველაზე მაღალი საზოგადოება ცხოვრობს, რომელთათვის დრო როგორც იტყვიან, ფულია...

ქალაქის ცოტა მოშორებით შეგიძლიათ ნახოთ ე.წ. "საფეხბურთო ლა სკალა" - ჯუზეპე მეაცას სახელობის "სან სიროს" სტადიონი, რომლის მოედანზეც დაახლოებით ერთი საუკუნეა, თამაშობს ევროპაში ორი ძლიერი გუნდი - "ინტერი" და "მილანი". "სან სირო" დიდი და ლამაზი ნაგებობაა. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე საათით ავცდი თამაშს, რომელიც იქ იმართებოდა და საფეხბურთო ატმოსფერო მილანში ვერ შევიგრძენი. როცა მატჩი არ არის და არც ბილეთები იყიდება, თანაც საღამოა და მუზეუმიც არ მუშაობს, "სან სირო" მიტოვებულ შენობას ჰგავს, რომლის სიახლოვესაც ვერავის შეხვდებით, რამდენიმე გზააბნეული ტურისტის გარდა, მაგრამ ის უზარმაზარი და თავისი ისტორიით უდიდესი სტადიონია და განცდა, რომ ფეხბურთის მხრივ განსაკუთრებულ დროს არ ხარ აქ, ცოტა დამამწუხრებელია...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია