ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს რიგითმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანეს. აქციაში ჩაერთვნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც. შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება თბილისში გაიგზავნა.
ტრანსპორტირება ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკაკი დარჯანიამ უზრუნველყვეს. აქციის ფარგლებში ფოთის აგრარული ბაზრის წარმომადგენლებმა მერიაში შექმნილ სპეციალურ შტაბში საკვები, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანეს. ბაზარში დღესვე მოვაჭრეებმა ფულადი დახმარებაც გაიღეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეგროვდა 600-მდე ლარი.
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად "ახალგაზრდა დემოკრატთა ასოციაციის" ორგანიზებით, ფოთის ადგილობრივ ტელევიზიაში, სამაუწყებლო კომპანია "მეცხრე ტალღაში" შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაზარალებულთათვის საჭირო ნივთები მიიტანოს. შტაბი ფუნქციონირებს ფოთის მერიაშიც.