სოხუმში ქართველების ბინების მეორე დიდი გადანაწილება იწყება

სოხუმში ქართველების ბინების მეორე დიდი გადანაწილება იწყება

"სოხუმის გარეუბანში არსებული 100 ბინა, რომელიც ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდათ, სულ მალე აფხაზ ოჯახებს გადაეცემათ. სოხუმში სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ახალგაზრდა ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანებისათვის ქართველების ბინების გადანაწილება დაიწყო. საქმე ეხება სოხუმის ახალ რაიონში არსებულ იმ კორპუსებს, რომლებშიც 1992-1993 წლების ომისა და ქართველების იძულებით გამოსახლების შემდეგ არავინ ცხოვრობდა და გაპარტახებული იყო. ოთხშაბათს, 1992-1993 წლების ომის ვეტერანებთან შეხვედრისას, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინათ პროკურატურის წარმომადგენლებმა სოხუმში არსებული "თავისუფალი" საცხოვრებელი ბინების სია წარუდგინეს და, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართით ახალგაზრდები და ვეტერანი შშმ პირები დაკმაყოფლდებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სოხუმში ქართველების ბინების მეორე დიდი გადანაწილება იწყება.

"დღეისთვის არა მარტო ქალაქ სოხუმში, არამედ სხვა რაიონებში არსებული თავისუფალი საცხოვრებელი ფართების სია მაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინები იმ ადამიანებს გადაეცეთ, ვინც იმსახურებს. ესენი არიან ჩვენი ომის ვეტერანები და ახალგაზრდა ოჯახები, რომლებიც წლებია ბინის რიგში დგანან", - აღნიშნა ხაჯიმბამ. მისი თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებმა მხოლოდ სოხუმის სხვადასხვა რაიონში ასეულობით თავისუფალი საცხოვრებელი ბინის სია მიაწოდეს, სადაც არავინ ცხოვრობს, თუმცა ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ მსგავსი ბინები აფხაზეთში გაცილებით მეტია. ხაჯიმბას ამ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე სოხუმში ახალგაზრდა აფხაზმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართების დარიგება მოითხოვეს. აფხაზმა ჟურნალისტებმა ფოტოებიც კი გადაუღეს სოხუმის გარეუბანში, იგივე ახალ რაიონში არსებულ ცარიელ კორპუსებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართეს, რომ სწორედ ეს ცარიელი ბინები გარემონტებულიყო და გადაცემოდა უბინაო ოჯახებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"გასულ კვირას, 7 ივნისს, თავიანთი საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილო ათმა ახალგაზრდა აფხაზურმა ოჯახმა სოხუმის ახალ რაიონში, გუმისთის (ყოფილი ძერჟინსკის) ქუჩის 39-ში მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზო უნებართვოდ დაიკავა, სახლებში კარებისა და ფანჯრების დაკიდება დაიწყო და ადგილობრივ ხელისუფლებას ბინების დაკანონება მოსთხოვა. რუსულენოვანი აფხაზური გამოცემის, "სპუტნიკ აბხაზიის" ცნობით, როგორც ერთ-ერთი შეჭრილი ოჯახის წევრი აცხადებდა, ეს იყო ერთგვარი საპროტესტო აქცია იმისათვის, რომ ხელისუფლებას პრობლემები დაენახა", - განაგრძობს გამოცემა.

"ადრე ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ვის ბალანსზე იყო ეს სახლი, მაგრამ ვერ შევძელით, რადგანაც სულ განსხვავებულ ინფორმაციას გვაძლევდნენ. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, არ არის არანაირი კომუნიკაცია. შესასვლელი და კედლები სავსეა ნაგვით, სახლს არც ფანჯრები აქვს და არც კარები, მხოლოდ კედლები და იატაკია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისი გავხადოთ, რადგანაც უკვე რამდენიმე წელია, ქირით ვცხოვრობთ. ბევრმა ოჯახმა არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას დახმარებისთვის, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა", - აცხადებდა გამოცემასთან საუბრისას პროტესტის ორგანიზატორი ამრა კვიცინია. მისი თქმით, ახალგაზრდა ოჯახები, რომლებსაც საკუთარი სახლი არ აქვთ, იძულებულები გახდნენ ასეთი უკიდურესი ზომებისათვის მიემართათ და სახლები თვითნებურად დაეკავებინათ. მისი განმარტებით, მათი მიზანია "ხელისუფლებას დაანახონ, რომ საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბოლომდე იბრძოლებენ", - დასძენს გამოცემა.

"ამ საპროტესტო შეჭრისას ადგილზე მისულმა ახალი რაიონის მთავარმა ინჟინერმა გია ყვარჩიამ შეჭრილებს განუცხადა, რომ ეს კორპუსი ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, მისი გამაგრება კი ძვირი ჯდებოდა. ამიტომაც ათივე ოჯახს ურჩია დე ფაქტო ვიცე-პრემიერ შამილ აძინბასთვის განცხადებით მიემართათ და ამის შემდეგ მათთვის ბინების მოძებნა-გაფორმების უზრუნველყოფა პრობლემა არ იქნებოდა. სწორედ აძინბასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ ბინების გადანაწილებაზე განცხადება, ითქვა, რომ თვითნებულ შეჭრას არ დაუშვებენ და პრიორიტეტების წესიც დაადგინა. ამის შემდეგ შეჭრილებმა ბინები საკუთარი ნებით დაცალეს. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის მოადგილის, შამილ აძინბას განცხადებით, ხაჯიმბამ უკვე გამოსცა განკარგულება, რისი მიხედვითაც დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებელი კორპუსების გარემონტება და უბინაო ოჯახებისთვის მათი გადაცემა უკვე გადაწყვეტილია და პირველ რიგში ვეტერანები და ახალგაზრდა ოჯახები დაკმაყოფილდებიან. თვითნებურ შეჭრას კი არ დაუშვებენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ვფიქრობ, 2016 წლისთვის რამდენიმე კორპუსის რემონტის დასრულებას შევძლებთ, შემდეგ კი თანდათან და გეგმაზომიერად ახალი სახლების მშენებლობას დავიწყებთ", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის "ვიცე-პრემიერმა". ცნობისათვის, 1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზებმა ქართველების ბინები მასობრივად დაიტაცეს, როგორც ნადავლი. ზოგმა სამი, ხუთი და ზოგმა ათი საცხოვრებელი სახლიც კი მიისაკუთრა, ამიტომაც ყველა დიდი და მოწყობილი ბინა უკვე გადანაწილებულია, მაგრამ ეს დატაცება მაინც უფრო სოხუმის ცენტრალურ უბნებში მოხდა, ქალაქის გარეუბნებში არსებული ბინების მიმართ კი ომის შემდეგ პერიოდში ინტერესი არ იყო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ თავის დროზე აფხაზმა მებრძოლებმა ცენტრალურ ადგილებზე მართლაც ძალიან ბევრი ბინა დაიტაცეს, ეს ბინები დე ფაქტო ხელისუფლებამ მათ მისცა, თუმცა რაკი ომის შემდეგი თაობა წამოიზარდა, მათაც მოუნდათ საცხოვრებელი ფართი და რადგანაც პრესტიჟულ უბნებში ბინები ყველა დაკავებულია, ახლა უკვე არაპრესტიჟული ბინების გადანაწილებაზე გადავიდნენ", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"სოხუმში ჩემს ბინაში ვიღაც გუდაუთელი ცხოვრობს. ომის შემდეგ ყველამ დაიტაცა ბინები, მათ შორის 5-იც და ზოგმა 10-იც, მაგრამ პრესტიჟულ უბნებში ხდებოდა ეს. ცარიელი ბინები გარეუბანში ბევრი დარჩა. ახალი რაიონი გარეუბანია, იქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობდა და ბინებიც ბევრი დარჩა, მაგრამ თავიდან ეს უბანი არავის უნდოდა. ისე, როგორც თბილისში დიდი დიღომი, ვარკეთილი და გლდანი არ უნდოდათ ადრე. ომის შემდეგ კი წამოიზარდნენ ახალგაზრდები და ახლა მათაც მოუნდათ გაფართოება, და ცალკე სახლი, ხოლო რადგანაც ცენტრალურ უბნებში ყველა სახლს პატრონი ჰყავს, სულ არაფერს გარეუბანი ურჩევნიათ.. დანარჩენ აფხაზეთში მიტოვებული სახლები ბევრია, მაგრამ რაიონებში ცხოვრება არ უნდათ, ყველას სოხუმში უნდა, სოხუმი კი პატარაა და პრობლემა ამიტომაცაა. არ ვიცი, ამას თბილისიდან როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ, გარდა იმისა, რომ ძალით გამოძევებული ქართველების ბინების დატაცება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და დღეს თუ ხვალ კანონი იზეიმებს და ყველას თავისი მიეზღვება. ამ თემას ჟენევაში აუცილებლად წამოვწევთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ყოლბაია.

"აღსანიშნავია, დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის დროს ამოქმედდა ძველი კომუნისტური კანონი, რომ თუკი 15 წლის განმავლობაში სახლს პატრონი არ გამოუჩნდებოდა, ის მუნიციპალური საკუთრება ხდებოდა და მერე მას მუნიციპალიტეტი როგორც უნდოდა, ისე გაანაწილებდა. ამ "კანონით" ხდება დღეს ქართველებისაგან დატოვებული სახლების აფხაზებზე გადანაწილება. ხდება ისიც, რომ აფხაზები მიტაცებულ ბინებს ყიდიან, მაგრამ თავად ადგლობრივი აფხაზები ბინებს არ ყიდულობენ, ისინი ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებისაგან ცარიელი სახლების უფასოდ გადაცემას ითხოვენ. ბინებს უფრო რუსები ან სომხები ყიდულობენ. სხვადასხვა რუსულენოვან საიტებზეც დევს გასაყიდი სახლებისა თუ ნაკვეთების შესახებ განცხადებები. მაგალითად, სოხუმის ცენტრში მიწის ნაკვეთის ფასი 5-7 ათასი დოლარია, გარეუბნებში ოროთახიანი გაურემონტებელი ბინა 4 ათას დოლარადაც შეიძლება იშოვო, ცენტრალურ უბნებში კი მაგალითად რუსეთის საელჩოსთან გარემონტებული სამოთახიანი ბინის ფასი 75 000 დოლარამდე ადის. მნიშვნელოვანია ასევე, აქვს თუ არა სახლს საბუთი, საბუთიანი ბინა ძვირია, უსაბუთო - ძალიან იაფი. ხდება ისიც, რომ აფხაზეთიდან დევნილებს ურეკავენ და საბუთების მიყიდვას სთხოვენ 3-5 ათას დოლარად და ბევრმა საბუთები გაყიდა კიდეც", - დასძენს სტატიის ავტორი.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?