სასტუმრო "რედისონთან" დიდი მღელვარებაა. 27 გრადუს სიცხეში, თაკარა მზეზე, ახალგაზრდები პლაკატებითა და "რეალის" მაისურებით თავზეგადაფარებულები დგანან. გულშემატკივრები საყვარელი ფეხბურთელის - კრიშტიანუ რონალდუს სახელს სკანდირებენ და მისგან ავტოგრაფის აღება სურთ. ტრანსფარანტებით კი მისთვის გასაგებ ენაზე სიყვარულს უხსნიან. გულშემატკივრები ამბობენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მათი კერპია.
რამდენიმე მათგანს გაუმართლა და ორი დღის წინ, რონალდუს ხელმოწერა ფურცელზე მიიღო, თუმცა, დღეს სასტუმროსთან ავტოგრაფის მაისურზე დასატოვებლად მივიდა.
ვარჯიშიდან დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრების გამოჩენას გულშემატკივრები ხმაურით შეხვდნენ. ავტობუსიდან ჩამოსული ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი კრიშტიანუ რონალდუს დანახვას არეულობა მოჰყვა. გულშემატკივრებმა ჯებირების გარღვევა და სპორტსმენებთან მისვლა სცადეს. ზოგიერთმა, ფეხბურთელ ნანისგან ავტოგრაფის აღება მოახერხა.
შეხლა-შემოხლისას რამდენიმე გულშემატკივარმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მათ შორის, პატარა გოგონამ ფეხი იტკინა. ერთ-ერთ ბიჭს კი ნანისთან ჩახუტება და შესაბამისად, დაცვასთან კონტაქტი მხრის დაზიანებად დაუჯდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელები სასტუმროში შევიდნენ. მათი გულშემატკივრები "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირებს მიღმა რჩებიან და ნაკრების გამოსვლას ელოდებიან.
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში სომხეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. პორტუგალია-სომხეთის მატჩი 13 ივნისს გაიმართება. ნაკრებმა თბილისში, ჟურნალისტებისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გაშუქება პირველი 15 წუთის განმავლობაში შეეძლოთ.
გუნდთან ერთად ივარჯიშა ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ. თბილისში იმყოფებიან პორტუგალიის ეროვნული გუნდის სხვა ლიდერებიც.
ნატალია დადიანი
AMBEBI.GE