დაახლოებით ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა საკუთარ იდენტობასა და პრობლემებზე საუბარი დიწყეს. პირველი ქართველი, რომელმაც თამამად განაცხადა, რომ მამაკაცის სხეულით დაიბადა, მაგრამ თავს ქალად გრძნობს, კესარია აბრამიძე გახლდათ, იმ დროს კი უბრალოდ ბესო. მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, დღეს კესარია ქართულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ მომხიბვლელ და სექსუალურ ქალბატონად მიიჩნევა. ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ მზად არ არის განსხვავებული იდენტობის ადამიანების მისაღებად, რაზეც ცალსახად მიგვანიშნებს ორი წლის წინ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია და 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ აღიარება.
მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და ასე იყო ოდითგანვე. ქართველებს კიდევ ერთი ტრანსგენდერი გვყავს, რომელიც ნებისმირი ქართველი კაცის გულს სულ რამდენიმე წუთში დაიპყრობს. შესაშური გარეგნობის მქონე ქერა ლამაზმანი ალექს ჩომახიძე წარმოშობით ქართველია. ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც საქართველოში დაამთავრა, სწავლა კი ამერიკაში განაგრძო. ერთ დღესაც დედას დაურეკა და ამცნო, რომ ის უკვე ქალი იყო. ოჯახის ერთადერთი ვაჟი სექსუალურ ქალბატონად იქცა. ალექსს სქესის შეცვლის გადაწყვეტილება ამერიკაში ჩასვლისთანავე მიუღია, წარმატებულად დასრულებული ოპერაციების შემდეგ კი ეს ყველაფერი ოჯახსაც ამცნო. როგორც ამბობენ, ალექსის დედამ ეს ყველაფერი რთულად გადაიტანა, დეპრესიაში ჩავარდა და საზოგადოებაშიც იშვიათად ჩნდება. ალექსის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.
და ბოლოს, ალბათ ბევრმა არ იცის, ვინ არიან ტრანსგენდერები! ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებული სქესი აქვს და სხვის სხეულშია ჩასახლებული.