2007 წლის თებერვალში, მტკვარმა რესტორან "წისქვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის მოკვეთილი მკლავი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე გასვლისას კრიმინალისტებს უჩვეულო სურათი დახვდათ - ნაპოვნ მკლავს ლავიწის ძვალი მოჰყვებოდა, თითის ფალანგები კი დაჭრილი ჰქონდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა პროფესიონალის (სავარაუდოდ, პოლიციელის) ჩადენილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ამ ხერხს იმიტომ მიმართა, რომ სამართალდამცველებისთვის კვალი აერია და გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები ვერ დაედგინათ. "მკლავის პატრონის ვინაობა რომ არ დაგვედგინა, ეს საქმე არც გაიხსნებოდა. თუმცა ჩვენთვის საკმაოდ ძნელი იყო, როცა დადასტურდა, რომ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები მოქმედი და ყოფილი პოლიციელები იყვნენ", - შემზარავი დანაშაულის პერიპეტიებს თბილისის პროკურორის იმჟამინდელი მოადგილე მიხეილ აბულაძე იხსენებს, რომელიც ამ საქმის გამომძიებელი გახლდათ:
- შეტყობინების შემოსვლის შემდეგ, ადგილზე მე და აწ გარდაცვლილი ჩემი მეგობარი ალექსანდრე მგელაძე გავედით, რომელიც იმხანად ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. აღმოჩენილი მკლავი ისე იყო დაჩეხილ-დასახიჩრებული, ძაღლის დაგლეჯილი გვეგონა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ხელს თითის ფალანგები ჰქონდა დაჭრილი. დავიწყეთ გამოძიება და ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს იყო არა მექანიკურად დაზიანებული, არამედ განზრახ მოკვეთილი ფალანგები და ვფიქრობდით, ხომ არ იყო პოლიციელის ნახელავი. დაახლოებით 2 კვირაში, ოპერატიულმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ გვამი, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა 30 წლის ბათუმელ ნათია ჯიჯავაძეს. ქალბატონი, თავდაპირველად, დაკარგულთა ბაზაში შეამოწმეს, სადაც ის არ ირიცხებოდა. დავიწყეთ იმის მოძიება, ვინ იყო ეს ქალბატონი და ოჯახისგან გავარკვიეთ, რომ იგი უცხოეთში იყო წასული. შეიქმნა ქალაქის სამმართველოს, პროკურატურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საგამოძიებო ოპერატიული, საკმაოდ ძლიერი და დიდი ჯგუფი, რომელმაც აღნიშნული საკითხის ირგვლივ დაიწყო ინტენსიური მუშაობა. გაირკვა, რომ ქალბატონი გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა თურქეთში, იქ გაიცნო ვინმე დიმიტრი მერაბიშვილი -ყოფილი პოლიციელი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და რომელთანაც 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა.