ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა ჯერ კიდევ აქტუალური თემაა. Ambebi.ge თემაზე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა პაპუაშვილის შეფასებებით დაინტერესდა:
- მე, როგორც წესიერმა ქართველმა და წესიერმა ადამიანმა, რომელსაც დეპუტატის სტატუსი მაქვს, მინდა ხმამაღლა ვთქვა: უკრაინელების პრობლემები ჩვენ ყველას გულთან მიგვაქვს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ უკრაინელები ამ პრობლემებს ნაკლებად განიცდიან. რა უბედურებასაც სააკაშვილი და მისი "შპანა" უკრაინას დააწევს, მერე საქართველოს და ქართველებს არ უნდა დაბრალდეს. შემდეგ უკრაინელებმა თითი არ უნდა გამოიშვირონ - ქართველებმა ეს რა დაგვმართესო. სააკაშვილი არის უსამშობლო და თაღლითი, რომელიც მთელ მსოფლიოში დაპარპაშებს. როგორც ჩანს, მსოფლიოც ვერაა სრულ ჭკუაზე და მსოფლიოსაც კარგად აქვს გაფრენილი.
- ის, რომ ექს-პრეზიდენტმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს იმიჯისთვის საზიანო ხომ არ იქნება?
- ვინაა საკაშვილი, რომ მან საქართველოს სახელი შეულახოს?! ქვეყანა ქვეყანაა, ერი ერია და ხორცმეტი ხორცმეტია. შესაძლოა, რაიმე მცირე ჯგუფმა მიაქციოს მის ქცევას ყურადღება, მაგრამ ქვეყნის იმიჯზე ეს გავლენას არ მოახდენს. ყველამ იცის, ვინ არის სააკაშვილი, მაგრამ ჩუმად არიან და სეირს უყურებენ. ის, რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივი შეთქმულებაა უკრაინის მიმართ. აბა, რატომ გაყიდეს და დაამცირეს ეს ქვეყანა?! კაცობრიობის, კულტურის, ერების და მათი ტრადიციების წინაშე შეთქმულებაა. აბა სხვა რა დავარქვა იმას, რაც ხდება?! არ გახსოვთ, რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას? როდესაც მსოფლიოში ასეთი კატაკლიზმები ხდება, ეს არის რაღაც მცირე ჯგუფის შეთქმულება მსოფლიოს წინაშე.
- როგორ ფიქრობთ, უკრაინელებს რატომ არ ქონდათ პროტეტსტი სააკაშვილის გუბერნატორობაზე?
- ვერ გეტყვით, რა ხდება მათ ტვინში, მაგრამ მე, ადამიანს, რომელიც ვუყურებ მეზობელი ქვეყნის პრობლემას, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ნაკლებად განიცდიან იმას, რაც მათ თავს ხდება.
- რამდენად სწორი იყო უკრაინელების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ძებნილი თანამდებობაზე დანიშნეს?
- ეს იყო უპასუხისმგებლობა და უკულტურობა. სხვათა შორის, მე არც გამიგია, რომ მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი მომხდარიყო. ადამიანი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ლამის გააპარტახა მთელი ქვეყანა და უცებ აღმოჩნდეს სხვა ქვეყნის "პოლიტიკურ ელიტაში" და თან ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, არის მასხარაობა. არ ვიცი, სად იწერება ეს სცენარები, მაგრამ ასე შემთხვევით არაფერი რომ არ ხდება, ცხადია.
- ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რატომ არ იყო შესაბამისი პროტესტი?
- ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა მათი ქმედების მიმართ. ამის იქით ჩვენი ხელისუფლება არ წასულა და არც უნდა წასულიყო. ვიღაც პოროშენკოსთან შეხვიდე დისკუსიაში და დაუწყო ხვეწნა-მუდარა, თუ რატომ დანიშნე სააკაშვილი თანამდებობაზე, არ იქნება სწორი.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE