მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია, სახელწოდებით "არ დაიჭირო" იმართება. აქციის მთავარი მოწოდებაა "არ დაიჭირო". მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს ადამიანის დაჭერა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეწევიან მარიხუანას. აქციის ორგანიზატორია "2 ივნისის მოძრაობა". როგორც მოძრაობის ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი აცხადებს, საჭიროა შეწყდეს ქუჩაში შერჩევითი ნარკოტესტები და კანონის ლიბერალიზაცია.
მისივე თქმით, დეკრიმინალიზაციის პირობებში შესაძლებელია, რომ იყოს ზომიერი ადმინისტრაციული სანქციები და ეს განსაზღვრულია ახალ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
"ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს ადამიანების დაჭერა და ციხეში ჩასმა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მოიხმარენ მარიხუანას. პარლამენტში შეტანილია შესაბამისი კანონპროექტი და ეს აქციაც მის მხარდასაჭერად იმართება. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს კანონპროექტი იქნას მიღებული. ჩვენ იმ პირების გამოაშკარავებასაც მოვახდენთ, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.
აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით, რომ მარიხუანის მოხმარება კრიმინალი არ არის. აქცია, სახელწოდებით "არ დაიჭირო" მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.