8 წლის იემენელი გოგონა ქორწინების პირველ ღამეს ემსხვერპლა. მიზეზი სასქესო ორგანოების ძლიერი დაზიანება გახდა, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.
იემენში მცირეწლოვანი გოგონების უფროს მამაკაცებზე გათხოვება დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა. ეს სინამდვილეში ქორწინება კი არა, გარიგებაა, რომლის შენიღბვასაც არავინ ცდილობს - ოჯახს ვალი აქვს, ფულის მაგივრად კი მევალეს ქალიშვილს "გაატანს", მერე რა, რომ 5 ან 8 წლისაა, მისი დიდი ბებიაც ამ ასაკში გათხოვდა.
სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს ერთი სული აქვთ, კიდევ ერთი მჭამელი მოიცილონ სახლიდან. თან ისე, რომ ოჯახის სახელი არ შეილახოს, სასიძოს კი ერთი რამ მოეთხოვება - რაც შეიძლება გულუხვად გადაუხადოს საპატარძლოს მშობლებს.