25 წლის მამაკაცს, რომელიც გურჯაანში სამ მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენა. აღნიშნული მუხლი ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ბრალის კვალიფიკაცია შესაძლოა დამძიმდეს.
25 წლის მამაკაცი ბავშვებს რომ ცემდა, პოლიციამ ამის შესახებ თანამშრომლის პატაკიდან 17 მაისს შეიტყო. სამართალდამცავებმა ოჯახში მისვლისას აღმოაჩინეს, რომ სამივე მცირეწლოვანი ბავშვი ოთხი დღის წინ იყო ნაცემი, მათგან ორი, წლინახევრის და ორწლინახევრის - სასტიკად. ბავშვებს თავის, სახის და სხეულის სხვა ადგილებში დალურჯებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ. სასტიკად ნაცემი ბავშვებისთვის ოთხი დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არავის გაუწევია.
პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვები რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ორი მოზარდი რამდენიმე საათში კატასტროფის ცენტრის ბრიგადებმა თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე ბავშვი კი, რომელიც 4 წლის არის, ამ დრომდე გურჯაანის საავადმყოფოში მკურნალობს.
ყველაზე მეტად წლინახევრის ბავშვია დაზარალებული. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის დავით ფულარიანის განცხადებით, წლინახევრის ბავშვს აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები შუბლის, თხემის და ნათხემის მიდამოში, ასევე თავის ტვინის დაჟეჟილი კერები. ზოგადი ტრავმები აქვს მეორე ბავშვს. ორივე მოზარდი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს. წლინახევრის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ორწლინახევრის - შედარებით გაუმჯობესებული.
პოლიციამ ბავშვებზე მოძალადე მამაკაცი იმავე დღეს დააკავა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ 25 წლის მამაკაცი და 24 წლის ქალი ერთად, მიმდინარე წლის 23 მარტიდან ცხოვრობენ. მამაკაცს ერთი შვილი ჰყავს (4 წლის), ქალს კი ორი ბავშვი (წლინახევრის და ორწლინახევრის). მამაკაცი პირველ მეუღლეს გაცილებულია. ბავშვი ბებიასთან იზრდებოდა, ვიდრე მამა ახლიდან დაოჯახდებოდა. "ორშვილიანი ქალი რომ მოიყვანა სახლში, მოვუყვანე თავისი შვილი და ვუთხარი, ამასაც შენ მიხედე მეთქი და წავედი უკან", - ამბობს მოძალადის დედა. 4 წლის ბავშვი ამ დრომდე ბებიასთან, თბილისშია რეგისტრირებული.
თავის ჩვენებაში მოძალადე ოჯახში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე საუბრობს. ამბობს, რომ არ მუშაობს, ოჯახში საკვების ფულიც არ ჰქონდათ, რაზეც გაღიზიანებული იყო და "თავი ვერ შეიკავა".
მოძალადისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობას გურჯაანის რაიონული სასამართლო 20 მაისს განიხილავს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის სოციალური მუშაკის ნუნუ ქოროღლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდება, სავარაუდოდ, ორი მათგანი (წლინახევრის და ორწლინახევრის) მინდობით აღზრდის პროგრამით ისარგებლებს. ისინი შესაძლოა გააშვილობილონ.
მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: რომელიც არის ობოლი; რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; რომლის მშობელს შეეზღუდა, ჩამოერთვა, ან შეუჩერდა მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემულ შემთხვევაში არც დედას და არც ბავშვების ბიოლოგიურ მამას, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მშობლის უფლება – მოვალეობები ჯერ არც შეზღუდული აქვთ და არც შეჩერებული.
მინდობით აღზრდის შემთხვევაში მიმღებ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას აძლევს.
მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობის მოწმე დედაა - 24 წლის ქალი. ჩვენ ვკითხეთ მას, რატომ არ შეუშალა ხელი მეუღლის მხრიდან ბავშვების ცემას. მან თქვა, რომ მეუღლე გაბრაზებული იყო და შეეშინდა, ისიც არ ეცემა.
კითხვაზე - რატომ არ დარეკა 112-ზე, არ მიმართა პოლიციას, სოციალურ სამსახურს ან სოფელში გამგებლის წარმომადგენელს, პასუხობს: "მიყვარს ჩემი მეუღლე და არ მინდოდა, რომ დაეკავებინათ". იგივენაირად ახსნა დედამ ბავშვებზე ძალადობის შეუტყობინებლობა სოციალურ მუშაკებთანაც.
სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია დაუხმარებლობაც - სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
დედის მხრიდან დაუხმარებლობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე არ მუშაობს.
იხილეთ ვრცლად