მსახიობ და რეჟისორ ციცინო კობიაშვილს ამჟამად სახლში კატა და თუთიყუში ჰყავს. წელს ისე არ გაუვლია, რომელიმე შინაურ ცხოველს არ უვლიდეს. ცხოველებისადმი კარგი დამოკიდებულებით მისი შვილი, ასევე მსახიობი, ჯაბა კილაძეც გამოირჩევა.
- რაც თავი მახსოვს, ცხოველებზე მაბოდებს. მამაჩემი სამხედრო იყო, კარგი მონადირე. მარტყოფის ეზოში ყოველთვის რამდენიმე ძაღლი გვყავდა. ლეკვებს გულში ჩახუტებულს დავატარებდი. მამა მიკრძალავდა, ასე გატუტუცება არ შეიძლებაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს კატებისადმი. ბავშვობაში რაღაც პატარა თანხას რომ მაძლევდნენ, წავიდოდი და მოვიყვანდი კატას ან ძაღლს, მერე მათი მოვლა ჩემს მშობლებს უწევდათ და ამის გამო მეჩხუბებოდნენ.
- როცა უკვე თქვენი ოჯახი შექმენით, თუ გახსოვთ, პირველი რა მიიყვანეთ შინ?
- კატა. მე და ჩემი ქმარი ასეთ რაღაცებზე''ვჭიდაობთ'' ხოლმე, მაგრამ ის უაღრესად კეთილი ადამიანია და ახლა ჩვენი კატა ფელიჩე ძალიან უყვარს. სიამის კატაა, ზაფხულში ორი წლის გახდება. ერთი ბეწო იყო, გუნდა, ჯაბამ რომ მოიყვანა. ჩემს შვილიშვილს ძალიან უნ-დოდა, კატა გვყოლოდა და ფელიჩეს ლიზამ შეურჩია სახელი. ახლახან''შუა ქალაქშიც'' გამოჩნდა. ფელიჩე''ტელეზვეზდაა''. გადაღებების დროს ჭკვიანად იქცეოდა და ყველას შეაყვარა თავი.
- მრავალწლიანი გამოცდილებით, თქვენი აზრით, რომელი იყო ყველაზე ჭკვიანი შინაური ცხოველი, რაც გყოლიათ?
- მართლა დიდი გამოცდილება მაქვს ძაღლისა და კატის ყოლის თვალსაზრისით. ჩვენ 15 წლის განმავლობაში გვყავდა ძაღლი, რომელიც მეტისი იყო. სოფელში ვიყავით, დიდი თოვლი იდო. მე და ჩემს მეუღლეს წკავწკავი მოგვესმა და ხმას მივყევით. სამწუხაროდ, სოფლებში ხშირ შემთხვევაში გულცივად ექცევიან ცხოველებს. ძაღლი ლეკვებს რომ დაყრის, შეიძლება, ერთი-ორი დაიტოვონ და დანარჩენი გადაყარონ. ცხოველი თუ არ იწველება ან კვერცხს არ დებს, მისი ყოლა საჭიროდ არ მიაჩნიათ. ის საცოდავიც მუხლზევით თოვლში ასე იყო გადასროლილი. იმ ერთ მუჭა ქუნქულა ლეკვს ორივე წინა თათი მოტეხილი აღმოაჩნდა. ის საცოდავი ლეკვი, რომელიც გვეგონა, რომ საღამომდე ვერ გაატანდა, 15 წელი ცხოვრობდა ჩვენთან.
დედას ვფიცავარ, ბელი ძაღლი კი არა, ადამიანი იყო. უბრალოდ, არ ლაპარაკობდა, თორემ ყველაფერი ესმოდა. ზაფხულში, როცა დედაჩემი ეუბნებოდა, რომ სოფელში უნდა ჩა-ვსულიყავი, ავტობუსის გაჩერებაზე მხვდებოდა. სოფლიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, რაც უნდა მეჩხუბა და ამეკრძალა, აუცილებლად მაცილებდა. გზაში ველაპარაკებოდი და ეს სურათი ზურიკელასა და მურადას ამბავს მოგაგონებდათ (იცინის). ბოლოს სიბერე სოფელში გაატარა. თბილისში იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და ბელის მესამე სართულზე კიბეზე ამოსვლა უჭირდა. მეზობელს ვუტოვებდით საჭმელს და ის აჭმევდა. სოფელში კვირაში ერთხელ ჩავდიოდით და ბელი ეზოში ბედნიერად გვხვდებოდა.