ხანძარში დამწვარი პატარა მოცეკვავეების ტრაგედია - "დათო საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობდა..."

ხანძარში დამწვარი პატარა მოცეკვავეების ტრაგედია - "დათო საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობდა..."

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ერთმანეთის გვერდით სამი პატარა ბიჭუნას ცხედარი ესვენა. ყველა მხრიდან ჭირისუფლის მოთქმა-გოდება ისმოდა. სამძიმარზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ასეთ დროს სიტყვები უძლურია...

თორნიკე ხვიჩია და დათო ზაქრაძე, რუსთავის მე-11 სკოლის V კლასის მოსწავლეები იყვნენ. ისინი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. სკოლის ფოიეში პატარების ფოტოები იყო გამოფენილი და კანდელი ენთო.

გიორგი შეყილაძე, მე-11 სკოლის დირექტორი:

- ყველასთვის მძიმეა ეს ტრაგედია, მაგრამ ყველაზე მძიმეა ჩვენთვის. ერთი სკოლისთვის და ერთი კლასისთვის ორი ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვა ძალიან მძიმე გადასატანია. ჩემი შვილის კლასელები იყვნენ. ძალიან ენერგიული, სიცოცხლით სავსე ბიჭები. უზომოდ გვტკივა გული. პირველივე კლასიდან დადიან ცეკვაზე. ბატონი გოგი მარღანია ბრწყინვალე პედაგოგია, ქალაქის საპატიო მოქალაქე, რესპუბლიკაში ცნობილი ქორეოგრაფი. ძალიან წუხს მომხდარზე. ორივეს ძალიან ყურადღებიანი მშობლები ჰყავთ. თორნიკე ხვიჩიას მამა თავს იდანაშაულებს, - მარტო არსად გამიშვია, ახლაც მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ მოვიდა და მითხრა, - მამა, უკვე დიდი ბიჭი ვარ და ერთხელ მაინც ხომ უნდა მომცე უფლება, დამოუკიდებელად წავიდეო? თორნიკეს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ასე ტრაგიკულად დასრულდა. დათო ზაქრაძის და იყო მათთან ერთად. საშინელ დღეშია. ჩვენ ვიცით, რომ ზაქრაძის დამ შენიშნა ხანძარი. ამ გოგოს წივილ-კივილმა გააღვიძა დანარჩენი მშობლები და ბავშვები. რეზი დემეტრაშვილი კერძო სკოლაში სწავლობდა. მისი დედა პედაგოგია. ძალიან მტკივნეულია, რომ ცხედრები ასეთ მდგომარეობაშია. იდენტიფიცირებას დღეები დასჭირდა.

დათოს და თორნიკეს კლასის დამრიგებელი, ნინო გელაშვილი:

- ალბათ ვერც ვერასდროს ვისაუბრებ მათზე წარსულ დროში. ორივეს თვალები უციმციმებდა, უყვარდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან ბავშვურები, გონიერი ბიჭები იყვნენ. თორნიკე ოჯახის ნანატრი შვილი იყო, მის მშობლებს 7 წელი შვილი არ ჰყავდათ და მერე გაჩნდა თორნიკე. პირველი შემთხვევა იყო ჩემს პრაქტიკაში, როცა ორივე მშობელი ერთნაირად იყო ჩართული სასწავლო პროცესში. მამამ შვილის ყველა ნაბიჯი იცოდა. შეიძლება ითქვას, ზედმეტად ყურადღებიანებიც კი იყვნენ. წინა დღეებში დათოს ვირუსი ჰქონდა. ვუთხარი, - სახლში დარჩი, გამოჯანმრთელდი-მეთქი. მიპასუხა, დასაწოლად არ მცალია, ქობულეთში უნდა წავიდეო. გაკვეთილებს ვერ ვატარებ. ამ ფაქტის შემდეგ ყველა ბავშვი დასერიოზულდა, ჩუმები და იდუმალები გახდნენ. ძალიან განიცდიან მომხდარს. დათოს და თორნიკეს მერხები ერთად შეატყუპეს, ყვავილები მოიტანეს, ორივე მერხზე ცალ-ცალკე ლარნაკის დადგმა მინდოდა. მითხრეს, - არა, მასწავლებელო, მათი ყვავილები ერთად, ერთ ლარნაკში უნდა იყოსო. მათი რვეულები დავდეთ მერხებზე და ვარდის ფურცლები მოაბნიეს ბავშვებმა. ბავშვების წინადადება ასეთია: სანამ სკოლას დავამთავრებთ, დათოს და თორნიკეს მერხები ასე ერთმანეთთან შეტყუპებული იყოს და იქ არავინ დავსვათ, ასე ისინი სულ ჩვენთან იქნებიანო. საოცრად განიცდიან ბავშვები, არ ვიცი, როგორ გამოვლენ ამ შოკიდან.

ნანუკა, ბიჭების თანაკლასელი:

- დათო საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობდა, ყველა ღონისძიებაზე ამბობდა: მე ვარ დათო ზაქრაძე, მინდა პრეზიდენტი ვიყო! თორნიკეს კი თავდაცვის მინისტრობა უნდოდა. თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ ორივე, ძალიან კარგად სწავლობდნენ. წინა მერხზე უყვარდათ ჯდომა. ვიცოდით, ქობულეთში რომ მიდიოდნენ, იქ კონკურსი ჩატარდა და გაიმარჯვეს, მაგრამ ასე დამთავრდა სამწუხაროდ.

მარი თანდაშვილი, კლასელი:

- ძალიან კარგები, მეგობრულები იყვნენ. ფოტოებიც გადაუღიათ ქობულეთში. შეყვარებული ორივეს ჰყავდა. ყველანი განვიცდით, რაც მოხდა. ისინი სულ ჩვენთან იქნებიან.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია