"ქობულეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველას საშინლად დასწყვიტა გული, მე კი კიდევ მეტად გამიმძაფრა და გამიმტკიცა ის აზრი, რომ ბოლო დროს მართლა მარაზმში გადავიდა ეს ვითომ "ზბორები", "ფესტივალები" და "გასტროლები". თავად მშობელი გახლავართ და ყურმოკვრით არ ვიცი ის ყველაფერი, რაზეც მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი.
უფროსი შვილი 22 წლის მყავს, უმცროსი – 10-ის, შესაბამისად, ოდნავ სხვადასხვა პერიოდში მომიწია შვილების "დევნამ" და ასე თუ ისე ვიცი, ათი წლის წინ რა ხდებოდა და ახლა რა ხდება.
ორივე შვილს ცეკვა უყვარს, მეც მიყვარს და შესაბამისად, ვცდილობ, ხელი შევუწყო. უფროსი ვაჟი რომ დამყავდა ცეკვაზე, მაშინაც დავდიოდით გასტროლებზე, თუმცა მაშინ ასეთი სავალდებულო არ იყო, როგორც ახლაა. ანუ თუ გინდოდა, წახვიდოდი, თუ არადა, დარჩებოდი და ეს არ აისახებოდა ანსამბლში შენს ყოფნა-არყოფნაზე და ასევე შენს პოზიციაზე. არ ვიცი, შეიძლება მაშინაც ასე იყო და მე მასწავლებელში გამიმართლა, ფაქტია, ამ ამბით არ ვყოფილვარ შეწუხებული. ბავშვს უნდოდა და ერთხელ მხოლოდ მის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი – ბათუმი-ქობულეთში წავედით, რაღაც სრულიად გაუგებარი ფესტივალი ჩატარდა, საეჭვო ჟიურით, ძალიან არაორგანიზებული და მართალი რომ ვთქვა, ძალიან დაბალი დონის. ამ ფესტივალის გამო დავხარჯეთ ფული, გავატარეთ ათი დღე არც ისე იდეალურ პირობებში, საკმაოდ დავიღალეთ და იქვე გადავწყვიტე, რომ მეორედ აღარ გავრეულიყავი ამ "შარში".
თუმცა წლები გავიდა, უკვე მეორე შვილი წამოიზარდა, ისიც შევიყვანე ცეკვაზე და უკვე სხვა რეალობა დამხვდა (უფრო უარესი). მასწავლებელმა პირდაპირ გამოგვიცხადა, თუ გინდათ, რომ ბავშვი ანსამბლში იყოს, თუ გინდათ, ცეკვებში ჩავსვა და მხოლოდ ვარჯიშებზე არ იაროს, ყველა გასტროლზე უნდა წამოხვიდეთ და უკან არ უნდა დაიხიოთო
განაგრძეთ კითხვა